დღეიდან სამხარაულის ექსპერტიზის მომსახურების ნაწილზე საფასური გაიზარდა
დღეიდან, 2023 წლის 1 თებერვლიდან, გაძვირდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ნაწილი. განახლებული ტარიფები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით 2023 წლის 16 იანვარს დაამტკიცა.
ბიურო ექსპერტიზას არაერთი მიმართულებით ატარებს. მათ შორის:
დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზას;
ბალისტიკურ, ტრასოლოგიურ და დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას;
ავტოტექნიკურ ექსპერტიზას;
ვიდეო, ფონოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას;
სახანძრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;
რადიაციულ ექსპერტიზას;
კომპიუტერულ ექსპერტიზას;
საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;
სასაქონლო და ფინანსურ ექსპერტიზას;
ქიმიურ ექსპერტიზას;
ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას;
ნარკოლოგიურ ექსპერტიზას;
ნავთობპროდუქტების ექსპერტიზას;
კვების პროდუქტების ექსპერტიზას;
სამედიცინო ექსპერტიზას;
ბიოლოგიურ ექსპერტიზას;
ფსიქიატრიულ ექსპერტიზას.
ფასი რიგ შემთხვევაში 100 პროცენტით ან უფრო მეტით არის გაზრდილი:
ჩანაწერში არსებული ცვლილების ფაქტის დადგენა 45 ლარიდან 90 ლარამდე გაიზარდა;
საავიაციო/სარკინიგზო/სანაოსნო საშუალების ტექნიკური კვლევა 120 ლარის ნაცვლად, 500 ლარი ეღირება.
ზოგიერთ მომსახურებაზე საფასური არ შეცვლილა. მაგალითად:
სამგანზომილებიანი სკანერით შემთხვევის ადგილის სკანირება და მოდელირება - 3300 ლარი;
ტექნიკური საშუალებით შესრულებული (გაყალბებული) ხელმოწერის კვლევა 60 ლარი.
ძველ და განახლებულ ტარიფებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია "საკანონმდებლო მაცნეს" ვებსაიტზე.