"ნაციონალურ მოძრაობიდან" გადაჯგუფება რაიონებისა და ქალაქების საკრებულოებშიც იგეგმება
ნაციონალური მოძრაობაში დარჩენილი პოლიტიკოსები ფრაქციის დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან.
პარტიის წარმომადგენლების თქმით, პარლამენტში მათ აუცილებლად ეყოლებათ ფრაქცია. ნაციონალურ მოძრაობაში ფრაქციის თავმჯდომარეობის რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის, რომან გოცირიძესა და ნიკა მელიას, განიხილავენ.
„ჩვენი პრიორიტეტია ჩავატაროთ 7 ათას დელეგატიანი ყრილობა 20 იანვარს, რომელიც იქნება ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტის და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემადგენლობაში და რა სტრატეგიით გავაგრძელებთ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნინო კალანდაძის თქმით, შიდაპარტიული დაპირისპირების შედეგად აქტიური საქმიანობის პროცესებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა.
„რეალურად ჩვენ რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, ეს არის როგორ დავამარცხოთ ოლიგარქის მმართველობა ქვეყანაში, როგორ გავუმკლავდეთ ისეთ გამოწვევებს ქვეყანაში, როგორიცაა ჩუმად გაფორმებული ხელშეკრულებები გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების. ამ დროს ყურადღება იყო გადატანილი ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის პრიორიტეტული ამ ვითარებაში,“ - აცხადებს ნინო კალანდაძე.
ფრაქციული გადაჯგუფება პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე ცვლილებებს მოჰყვა. იგივე პროცესები რაიონების და ქალაქების საკრებულოებშიც იგეგმება.