რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი TV პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის კითხვას: “შუის გაკრეფა, ტერმინი, რომლითაც მოვიდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი და რომელიც ახსენა ზურაბ ჯაფარიძემ, არის [გამარჯვების] ფორმულა? თამარ ჩერგოლეიშვილიც ლაპარაკობდა ახლა, რომ შუის ეშინია სწორედ ივანიშვილს”, ასე პასუხობს:
“მაგაში აბსოლუტურად მართალია თამარი, მე ბევრ რამეში არ ვეთანხმები ხოლმე, მაგრამ ამაში ნამდვილად ვეთანხმები. რასაკვირველია, ეს არის ივანიშვილის დიდი ხნის… სულ ამას თამაშობს. სხვათა შორის, როდესაც მოვიდა, მაშინ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, მაშინ ეს ობიექტური რეალობა იყო, მაშინ მართლა ორად იყო გაყოფილი და არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, რომ რეალურად, სხვამ ვერაფერი ვერ წაიღო, მხოლოდ ეს ორი პარტია, ორი ბანაკი იყო რეალურად.
ესეც იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ მოიტანა. რატომ მოხდა ივანიშვილის გარშემო ასეთი ჭრელი საზოგადოების გაერთიანება მაშინ და ასე ადვილად? იმიტომ, რომ არავითარი სხვა პერსპექტივა არ ჩანდა, არც ამ პარტიებს უჩანდა და ხალხსაც არ უჩანდა, რაც მთავარია. ხალხი ენდო და დაიჯერა ივანიშვილის და ამ ერთობის.
დღეს ასეთი სიტუაცია შეიძლება მოხდეს თუ გამოჩნდება ვიღაც ახალი მესია, რომელიც არ ჩანს და არ არის, ამიტომ, არ მოხდება, მაინცდამაინც არც დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი მესია გამოჩნდეს და ასეთი ლიდერი, მაგრამ ობიექტურად არ არის, პოტენციურადაც ვერ ვხედავ ასეთ ლიდერს.”