მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას
![მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას](https://gdb.rferl.org/01000000-c0a8-0242-975b-08db4d6bc565_w800_h450.jpg)
მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხანდელი თავდასხმისას გამოიყენეს 6 ფრთოსანი რაკეტა და 16 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 4 რაკეტა და 10 დრონი.
თავდასხმის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში გამთენიისას შეწყდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებები იყო ჟიტომირის, როვნოს და ლვოვის ოლქებში.
ჟიტომირის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დანგრეულია 6 და დაზიანებულია ათეულობით სახლი.