ენერგეტიკის განვითარების ფონდმა უკრაინაში 9 ცალი გენერატორი გაგზავნა
"ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს საელჩოს გადაეცემა, შემდგომში უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა სახმელეთო გზით რამდენიმე დღეში მიიღებს", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორების შესყიდვის განკარგულება, რომელიც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა, მთავრობამ 31 ოქტომბერს დაამტკიცა.
საქართველოს მთავრობამ გენერატორები უკრაინას ადრეც გაუგზავნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 6 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინაში უკვე ჩაიტანეს 1,5 მლნ ლარად შეძენილი, საქართველოდან გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გენერატორები მას შემდეგ გაგზავნა, რაც უკრაინის ელჩის მოვალეობის იმჟამინდელმა შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ გენერატორები საქართველოს ხელისუფლებას 1 თვით ადრე სთხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.
უფრო ადრე უკრაინაში ჩაიტანეს სამოქალაქო აქტივისტების მიერ შეგროვილი თანხით ნაყიდი სამასზე მეტი გენერატორი.
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად ადგილზე ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების პრობლემებია.