ბაიკერი ქალისა და სამხედრო ექთნის თავგადასავალი - „კიბორგი“, რომელიც ოკუპაციას გადაურჩა და ფრონტზე დაბრუნდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ქირურგიული განყოფილების ექთანი ზოია კოვალეცი ოკუპაციაში აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებში. როდესაც რუსეთის ჯარი მის მშობლიურ სოფელ ვისოკოპილიეში შევიდა, ზოიამ ოპერატიულად დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ოკუპანტების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მალე რუსებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს. ზოიას მეზობლები მალავდნენ. ორი თვის შემდეგ მან მოახერხა ოკუპირებული სოფლიდან გაღწევა. ექთანმა მაშინვე სამხედრო ჰოსპიტალს მიაშურა დასახმარებლად, ბოლოს კი უკრაინის შეიარაღებულ ძალების რიგებში ჩაეწერა.
როგორ დაათრო მეზობელმა ქალმა რუსი ჯარისკაცი ზოიას გადასარჩენად? რატომ ეძახიან მას „კიბორგს“ და რა კავშირი აქვს ყოველივე ამას მოტოციკლებთან?
ზოია კოვალეცი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის „მაგურას“ უფროსი ექთანი, რადიო თავისუფლების პროექტის, Crym.Realii-ს კორესპონდენტს აჩვენებს სუმის მიმართულებაზე არსებულ „სტაბილიზაციის პუნქტს, რომელიც მიწისქვეშ, ბლინდაჟშია მოწყობილი.
„ამ დასახლებულ პუნქტში ამჟამად არ არის შენობა, რომლის გამოყენებას შევძლებდით, ვიქირავებდით ან სათანადოდ მოვაწყობდით. ამიტომ ბლინდაჟში გავაკეთეთ. უსაფრთხოების მიზნით, ასე სჯობია“, - ამბობს ზოია კოვალეცი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის „მაგურას“ ევაკუაციის განყოფილების უფროსი ექთანი.
ადგილი დიდი არ არის, მაგრამ აქ ყველაფერი აქვთ, რაც საჭირო და აუცილებელია. მათ შორის წმინდათაწმინდა - საოპერაციო მაგიდა. მასთან მიახლოება მკაცრად აკრძალულია, ხუმრობს ზოია.
„თუ ვინმე მაგიდას ნებართვის გარეშე შეეხება, რისკავს მიიღოს, ასე ვთქვათ, სხეულის ფიზიკური დაზიანება. დიახ, შეიძლება თავი ვერ შევიკავო, ამიტომ გარისკვას ბევრი ვერ ბედავს“, - იცინის კოვალეცი.
თითქმის სამი წლის წინ ზოია ნებაყოფლობით ჩაირიცხა ВСУ-ში - უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში, რათა, როგორც თვითონ ამბობს, შური ეძიოს იმ ყველაფრისთვის, რაც მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას გადახდა.
„პირველ რიგში, ვიცოდი, რომ აქ ჩემგან მეტი სარგებელი იქნებოდა. მეორე ის, რომ ვერა და ვერ ვპოულობდი ადგილს და შურისძიება, სამაგიეროს გადახდა მინდოდა. იცით, როდესაც გესმით, ეს დაიღუპა, იქ გაქრა... - ეს წარმოუდგენლად მტკივნეული იყო. შემდეგ კი, როდესაც ოკუპაციიდან გამოვედი და უკვე ვმუშაობდი, ყოველ დღე ვხედავდი ჩვენს დაჭრილ-დასახიჩრებულ ბიჭებს, მათ მოგლეჯილ ფეხებსა და ხელებს. არც კი მიყოყმანია“, - განმარტავს მედიკოსი.
54 წლის ზოია კოვალეცი ხერსონის ოლქის სოფელ ვისოკოპილიეში დაიბადა და თითქმის მთელი ცხოვრება იქ გაატარა. მუშაობდა ადგილობრივ საავადმყოფოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი სოფელ კნიაზივკას პირველადი დახმარების პუნქტის ხელმძღვანელი იყო.
რუსეთის არმია ვისოკოპილიეში 2022 წლის 13 მარტს შევიდა.
„დასახლების ბოლოში ვცხოვრობ, ბოლოსწინა ქუჩაზე. როგორც კი რუსები თავიანთი ტრანსპორტით შემოვიდნენ, მაშინვე ჩემს სახლსა და საავადმყოფოს შორის ჩადგნენ. იქ პატარა პარკია. მათთვის ძალიან ხელსაყრელი ადგილმდებარეობა იყო, რადგან საავადმყოფოსა და კლინიკის შენობები დერეფნებით არის დაკავშირებული, გარდა ამისა, იქვეა რენტგენის განყოფილების შვერილიც. ეს პარკი კი პირდაპირ ჩვენს სახლს ესაზღვრება. ამიტომ მათი ტექნიკა პირდაპირ ჩვენი სადარბაზოს წინ იყო გაჩერებული“, - იხსენებს ზოია კოვალეცი.
რამდენიმე დღის განმავლობაში რუსი ჯარისკაცები სახლის მცხოვრებლებს საერთოდ უკრძალავდნენ გარეთ გასვლას. გაითიშეს ელექტროენერგია და წყალი.
ოკუპაცია: როგორ იმალებოდა? „პირველივე დღიდან იყო სრული, ტოტალური ძარცვა. შენობებში შედიოდნენ, ყველაფერი გაჰქონდათ, ბინიდან ბინაში დადიოდნენ. სადაც ჩაკეტილი იყო, იქ კარებს ამტვრევდნენ. ყველაფერი გაიტანეს. სახიფათო იყო ბინიდან გასვლა, განსაკუთრებით ღამით“, - ამბობს ზოია.
დროთა განმავლობაში ზოიამ რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ცნობების თავისი ყოფილი ქმრისთვის გადაცემა დაიწყო. ვალენტინი, რომელიც მისი ვაჟის მამაა, იმ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) მე-60 ბრიგადაში მსახურობდა.
„შემოდის კოლონა, ვაკვირდები, ვითვლი და შემდეგ ვურეკავ ჩვენიანებს. და კიდევ, ოსოკოროვკაში, ვორონცოვკის რაიონში ცხოვრობდა დედაჩემი. მის სამეზობლოში რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი. თავის მხრივ, ამ ადამიანებსაც ჰყავდათ ნაცნობები სხვაგან. მოკლედ, ჩემამდე სულ მოდიოდა ინფორმაცია, რომ მაგალითად გზატკეცილზე ვორონცოვკისკენ „კავუნის“ მახლობლად გარკვეული რაოდენობის ტექნიკამ, მათ შორის ორმა „ურაგანმა“, გაიარა. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, ვიღებდი ტელეფონს და გადავცემდი ინფორმაციას ჩვენებს“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო მედიკოსი.
მაგრამ ერთ დღეს მეზობელმა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ახლდა, ღამის გათევა სთხოვა. ზოია ეჭვობს, რომ სწორედ მან ჩაუშვა რუს სამხედროებთან.
„როგორც ჩანს... როგორც ჩანს კი არა, სწორედ ასეა. მეზობელმა ქალმა ჩამიშვა „ორკებთან“ (2014 წლიდან უკრაინაში რუს ჯარისკაცებს და პრორუს მებრძოლებს უწოდებენ „ორკებს“, რომლებიც თავის მხრივ არიან ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანების გამოგონილი, სასტიკი პერსონაჟები - რედ.). მეზობელი მხოლოდ ღამეს ათევდა ჩემთან, დღისით კი სახლში ბრუნდებოდა. სწორედ იქ სტუმრობდნენ მას რუსები, რომლებიც მოგვიანებით ტექნიკური წყლითაც ამარაგებდნენ მას. სამეზობლოში იმაზეც კი ვსაუბრობდით, თუ რა მომსახურება უნდა გაეწია „ორკებისთვის“, რომ მათ წყლის ზიდვა დაეწყოთ. შემდეგ ეს ჩემი მეზობელი ქალი სადღაც წაიყვანეს“, - ამბობს ზოია.
მალე სხვა მეზობლებმა გააფრთხილეს, რომ მას რუსი ოკუპანტები ეძებდნენ. ამის შემდეგ ზოია შინ აღარ დარჩენილა. ღამ-ღამობით თანასოფლელების სარდაფებს აფარებდა თავს. რუსებმა არ იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა ძებნილი ქალი: „საშინელება იყო. ღამეს სარდაფებში ვათენებდი. სახლებში უცვივდებოდნენ ავტომატებიანი რუსები, დერეფნებში ამწკრივებდნენ ადამიანებს და ეუბნებოდნენ, ამას და ამას ვეძებთო. შენ კი იქვე დგახარ, გული გამალებით გიცემს და არ იცი, გაგცემენ თუ არა შენიანები. საშინელება იყო“.
მეზობლებმა ზოია არ გასცეს.
ქალი იხსენებს, თუ როგორ შეიფარა ერთმა ოჯახმა სარდაფში, სადაც ერთი თავისუფალი საწოლი იდგა. ერთხელ, როცა ზოია ისვენებდა, ამ სახლში რუსი ჯარისკაცები შევიდნენ. მას ეძებდნენ:
„მახსოვს ეს საწოლი, რომლის ზამბარებიანი ბადე თითქმის იატაკამდე იყო ჩამოშვებული. იქვე იყო მეზობლის ბავშვი, სტასიკი. მივხვდი, რომ მე მეძებდნენ და მახსოვს, საბნის ქვეშ შევძვერი და ამან გადამარჩინა. იმდენად დეფორმირებული და ჩაზნექილი იყო საწოლი, რომ არ ვჩანდი. დღემდე მაქვს შემორჩენილი ეს ენით აღუწერელი გრძნობა. ბავშვის უკან ვიმალებოდი. რომ გამოვსულიყავი, არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველას არ ჩაგვცხრილავდნენ.“.
კიდევ იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივმა დეპუტატმა ოლგა კოვბელმა დაათრო რუსი ჯარისკაცი და ასე იხსნა ზოია: „ცხონებული ოლგა კოვბელი პირველ სადარბაზოში ცხოვრობდა. როგორღაც მან მოახერხა ჩემ მოსაძებნად მოსული „ორკების“ დაყოლიება: ყველანი წავიდნენ, მხოლოდ ერთი დარჩა. ოლგამ, არ ვიცი საიდან, მაგრამ არაყი მოიტანა და დაათრო ეს რუსი ჯარისკაცი. შემდეგ წამიყვანა და საგულდაგულოდ დამმალა. ბოლოს ქურთუკიც კი გადავაგდე, რადგან მითხრეს, რომ იცოდნენ, როგორი ქურთუკი მეცვა. გავიქეცი. ბევრი ვიწვალე. სად არ ვიმალებოდი: ნაგავსაყრელებსა და რკინიგზის ჩიხებში. მეშინოდა მეგობრებთან მისვლის, რადგან ვიცოდი, რომ პრობლემები შეექმნებოდათ. არადა, ძალიან ციოდა, მარტის თვე იყო...“
როგორ დააღწია თავი ოკუპაციას? ზოიამ ოკუპაციაში ორი თვე გაატარა და გაქცევა მაშინ მოახერხა, როდესაც რუსეთის ჯარმა მშვიდობიანი მოსახლეობის მცირე ჯგუფებად გაშვება დაიწყო.
ზოია ამბობს, რომ რუსებმა მაშინ სპეციალურად, საკუთარი თავის დასაცავად დაუშვეს სამოქალაქო პირების ევაკუაცია, რადგან იცოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ევაკუაციის დროს ცეცხლს არ გახსნიდნენ: „გავრისკე. ძალიან მოკრძალებულად ჩავიცვი, დახეული სპორტულებით ვიყავი. ძველ ველოსიპედზე მივამაგრე გალიები და ტერარიუმები, რათა თან წამეყვანა ჩემი უმცროსი მეგობრები, რომლებსაც შინ ვუვლიდი: ზაზუნები, კუები, დეკორატიული ბაყაყები, თუთიყუშები, კანარის ჩიტები, ძაღლები. მოკლედ, ფაქტობრივად, ყველა ცხოველი გამოვიყვანე. არ ვიცი, შესაძლოა, ამან გაუფანტა ყურადღება. გასვლისას ტელეფონი მომთხოვეს. ჩემი დავმალე. დედაჩემის ძველი აპარატი მქონდა, რომელიც იმ დროს უკვე დაზიანებული იყო, ის გავუწოდე. გაბრაზდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც გამიშვეს“.
თუმცა, გზა, რომელიც რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო პირებს გაუხსნეს, დანაღმული აღმოჩნდა: „იქ იყო როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ასევე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. ძალიან ფრთხილად უნდა გევლო, რადგან მათი დანახვაც კი შეიძლებოდა. წვრილი ხრეშის ფენით იყო დაფარული. შეგვეძლო სხვა გზით, მოკლე გზით გვევლო. ასევე შეგვეძლო ზელენოდოლსკში წავსულიყავით. ასეთ შემთხვევაში კაშხლის მეორე მხრიდან გამოვიდოდით“.
ზელენოდოლსკში მოხალისეები დახვდნენ.
ზოია დაუკავშირდა თავის ვაჟს, რომელმაც ის კრივოი როგში წაიყვანა.
ოკუპირებული ზონიდან შაბათს საღამოს გამოვიდა, ორშაბათ დილით კი უკვე იმყოფებოდა ადგილობრივ საავადმყოფოში, რომელიც სამხედრო ჰოსპიტლად იყო გადაკეთებული. აქ პირველად უმკურნალა დაჭრილ ჯარისკაცებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვისოკოპოლიე 2022 წლის 3 სექტემბერს გაათავისუფლეს. იმ დღეს უკრაინელმა ჯარებმა უკრაინის დროშა აღმართეს სწორედ იმ საავადმყოფოს თავზე, რომელშიც ზოია მუშაობდა და, რომელშიც რუს სამხედროებს სამეთაურო პუნქტი ჰქონდათ მოწყობილი. სოფლის განთავისუფლების შემდეგ, გამოაშკარავდა რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის სიკვდილით დასჯისა და გაუპატიურების შემთხვევები.
„დასახლების განთავისუფლების შემდეგ, ერთ-ერთი მიტოვებული ფაბრიკის სარდაფში დაწყობილი გვამები იპოვეს. ბევრი თან გაიყოლეს, უგზო-უკვლოდ გააქრეს“, - ამბობს ზოია კოვალეცი.
სტაბპუნქტი: კანფეტები სისხლის გუბეში ოკუპირებული ზონიდან გამოსულ ზოია კოვალეცს ერთი სული ჰქონდა, როდის ჩადგებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში, თუმცა სამხედრო კომისარიატში (გაწვევის ოფისში) თავდაპირველად უარი უთხრეს. დაურეკეს მხოლოდ 2023 წლის თებერვალში და სამხედრო საბაზისო მომზადებისა და ტაქტიკური მედიცინის კურსის გავლის შემდეგ, მედიკოსი ზოია კოვალეცი ჩარიცხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადაში, სადაც დღემდე მსახურობს.
სტაბილიზაციის პუნქტი (სტაბპუნქტი) - დროებითი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზთან ახლოს, სადაც დაჭრილ ჯარისკაცებს უტარდებათ სასწრაფო დახმარება მათი მდგომარეობის სტაბილიზაციისა და შემდგომი მკურნალობისა და საავადმყოფოებში გადაყვანის მიზნით. ეს პუნქტი ფუნქციონირებს საბრძოლო მოქმედებების ზონასთან რაც შეიძლება ახლოს, ხშირად (უსაფრთხოების მიზნით) მიწისქვეშ.
თავდაპირველად ექთანი ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, მეწინავე ქირურგიულ ჯგუფში გაანაწილეს.
ზოია კოვალეცი აღიარებს, რომ ეს პერიოდი ყველაზე რთული იყო, არა იმდენად ფრონტის ხაზზე პირველი გამოცდილების გამო, რამდენადაც დაჭრილების დიდი ნაკადისა და საოპერაციო ბლოკის ექთნების დეფიციტის გამო: „პირველ რიგში, ძალიან ბევრი დაჭრილი იყო. საერთოდ არ გვქონდა შესვენებები ოპერაციებს შორის. ძალიან რთული იყო იმის გამოც, რომ ქირურგის თანაშემწე ექთნები არ გვყოფნიდა. მეწყვილეებად მყავდნენ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი, ფარმაცევტი, რენტგენის კაბინეტის ტექნიკოსი, ინფექციონისტი და სამედიცინო აღჭურვილობის საწყობში მომუშავე ბიჭიც კი. მოკლედ, ვინ აღარ“.
ზოია დასძენს, რომ პრობლემა დიდ ფიზიკურ დატვირთვაშიც კი არ არის. მისი თქმით, რთული იყო მორალური ადაპტაცია: „სხვა მიმართულებებს თუ შევადარებთ, ზაპოროჟიეს მიმართულებას შეგვიძლია „ახალგაზრდული“ ვუწოდოთ. აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო. ჩემი ასაკის მხოლოდ რამდენიმე თუ იქნებოდა. უმეტესობა ახალგაზრდა იყო. მოჰყავდათ ეს ბიჭები ხელებისა და ფეხების გარეშე, სხვა მძიმე დაზიანებებით. მორალურად ძალიან რთული იყო. ნაკადებად მოდიოდნენ, იმდენად ბევრი შემთხვევა იყო, რომ ძლივს ავუდიოდით. სამსახური არასოდეს მთავრდებოდა. შინ მისულსაც თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა: რა ხდებოდა იქ; როგორ ჩატარდა ოპერაცია; გადარჩა თუ არა დილით ნაოპერაციები ჯარისკაცი და ა.შ. ერთმა კოლეგამ მითხრა: შეწყვიტე ამაზე ფიქრი. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ვინმეს ამაზე არ ეფიქრა, მაგრამ მან მითხრა: ეს ძალიან დაგღლის, ნერვულ სისტემას მოგიშლის, შეხედე ამას როგორც სამუშაოს“.
უკრაინელი სამხედრო ექთანი ამბობს, რომ ცალკეული შემთხვევები სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში: „როდესაც ერთ ბიჭი გადაგვყავდა საკაციდან საოპერაციო მაგიდაზე, ტანსაცმლის გახდისას კანფეტები დასცვივდა. ოც წელზე ოდნავ მეტისა იქნებოდა. მთლად ბავშვი იყო, ჯერ ისევ კანფეტები რომ უყვარს, ისეთი. ალბათ გამიგებთ, როგორც დედისთვის ეს ძალიან რთული გადასატანი იყო. შემდეგ მეკითხებოდნენ, თუ გადარჩა ეს ბიჭიო. არ ვიცი. მახსოვს მხოლოდ მისი ბავშვური სახე და კანფეტები, რომლებიც სისხლის გუბეში ცვიოდნენ. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მართლა ძალიან მძიმეა“.
„სხვა შემთხვევებიც იყო, როდესაც მოიყვანეს დაჭრილი ბიჭი, ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. და როდესაც მისი სხეული მოდუნდა, ხელიდან რაღაც ციცქნა სათამაშო გაუვარდა. დახრის და აღების დრო არ იყო, ბევრი სამუშაო გვქონდა. მახსოვს, ფეხით მივაგდე კუთხეში, ხოლო შემდეგ, როდესაც გვამს უკვე პოლიეთილენის პაკეტში დებდნენ, ავიღე ის სათამაშო და სანიტარს გავუწოდე, იმან კიდე მითხრა, სანაგვეში ჩააგდეო. როგორ შეიძლება-მეთქი, აღვშფოთდი: ეს სათამაშო ბოლო ამოსუნთქვამდე ეჭირა ხელში. შესაძლოა, ეს ნივთი რაღაცას ნიშნავს, ტყუილად ხომ არ ეჭირებოდა სულის ამოსვლამდე. ვუთხარი, თუ გინდა, თავად გადააგდე, მე არ შემიძლია-მეთქი. ასეთი მომენტები ბევრია“, - იხსენებს ზოია კოვალეცი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში ყოფნისას მედიკოსმა ქალმა რამდენჯერმე შეიცვალა ლოკაცია: დონეცკის მიმართულებაზეც იყო და ავდეევკისაზეც. სუმის ოლქში, სადაც ის ახლა იმყოფება, დაჭრილების ასეთი დიდი ნაკადი არ არის. ფრონტზე ვითარება სტაბილურია. თავიანთ ცვლას მედიკოსები ბლინდაჟში ელოდებიან.
ზოია გვიჩვენებს თავის ყოველდღიურობას. საწოლზე ავტომატი დევს, საწოლის თავთან კედელზე კი ბავშვების ნახატებია. ჯიბიდან შვილისგან გამოგზავნილ საჩუქარს იღებს - თილისმას. ამბობს, რომ სწორედ ოჯახი - მისი ვაჟი და სამი შვილიშვილი - ალევს ძალას, რომ ხელები არ ჩამოუშვას და ნებისმიერი სირთულე დაძლიოს.
„ყველანაირად ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო, ფიზიკურადაც და გონებრივადაც, რათა შვილიშვილების წინაშე არ შევრცხვე“, - ამბობს ზოია.
უნდა ითქვას, რომ მძიმე ფიქრებთან გამკლავებაში მას მოტოციკლებიც ეხმარებიან.
ბაიკერი ზოია ბაიკერია. სამსახურში, როგორც წესი, მოტოციკლით დადის. როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, დააქროლებს თავის რაშს.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ეს დაუგეგმავი იყო: ერთ დღეს ქალაქში ვიყავი კოლეგასთან ერთად. სწორედ მან მოინდომა მისი ნახვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მან ნახა, მე კი ვიყიდე“, - იცინის ის.
ზოია მოტოციკლებით ბავშვობიდანაა გატაცებული.
თავისი მოსახმობი ნიშანი „კიბორგიც“ ბაიკერი მეგობრებისგან მიიღო სამხედრო სამსახურამდე დიდი ხნით ადრე, მას შემდეგ, რაც ავარიაში მოყვა.
„ოპერაციის შემდეგ სხეულში ლითონის ბევრი ფირფიტა და ხრახნი მქონდა, ჰოდა მეგობრებმაც ასეთი მეტსახელი მომიგონეს, რაც დღემდე შემომრჩა“, - ამბობს ზოია, რომელსაც ახლა ერთი ოცნება აქვს: ბაიკით შვილთან ერთად უკრაინის შემოვლა.
„ამ დროს დადებითი ემოციები მოდის და ვისვენებ; როდესაც საჭესთან ვარ, აღარც დროს ვგრძნობ და აღარც დაღლილობას - ეს არის ის, რაც ტვინს ასვენებს და ადრენალინის მოზღვავებას იწვევს“, - ამბობს უკრაინელი სამხედრო მედიკოსი ქალი.