"ტარიფებით მუქარა მიუღებელია" - მაკრონი ტრამპის ტარიფებზე
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთისათვის 10%-იან ტარიფების დაწესების თაობაზე და განაცხადა, რომ მათზე „არანაირი დაშინება და მუქარა არ იმოქმედებს არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც სხვაგან მსოფლიოში“.
„ტარიფების თაობაზე მუქარა მიუღებელია და უადგილო ამ კონტექსტში. ევროპა ამაზე ერთიან და კოორდინირებულ პასუხს გასცემს, თუ ეს დადასტურდება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ ევროპული სუვერენიტეტი და სწორედ ამ სულისკვეთებით გაიმართება ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები“, – წერს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებით, საფრანგეთი ერთგულია ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის იდეისადმი როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ეს არის საფუძველი გაერო-ს და მისი წესდების მიმართ ჩვენი ერთგულებისაც. ამავე იდეით უჭერს ის მხარს უკრაინას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.
„ამ პრინციპებისა და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად შევქმენით „მსურველთა კოალიცია“ მტკიცე და მდგრადი მშვიდობისთვის. სწორედ ამის საფუძველზე ვმონაწილეობთ დანიის მიერ გრენლანდიაში ორგანიზებულ სამხედრო სწავლებაში, ჩვენ ვრჩებით ამ გადაწყვეტილების ერთგული, განსაკუთრებით, როცა ეს ეხება არქტიკისა და ჩვენი ევროპის საზღვრების უსაფრთხოებას“, - აცხადებს მაკრონი.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან 10-პროცენტიანი გადასახადი დაუწესდება ყველა საქონელს, რომელიც აშშ-ში ჩავა დანიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდიდან და ფინეთიდან. პირველი ივნისიდან კი გადასახადი გაიზრდება 25 პროცენტამდე. ამის შესახებ ტრამპმა თავისი სოციალური ქსელით დაწერა.