საბრძოლო მოქმედებებიდან რუსეთში დაბრუნებული დაახლოებით 250 000 სამხედრო მოსამსახურე უმუშევარია
რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი პროექტების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სერგეი ნოვიკოვმა, განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებიდან დაბრუნებული დაახლოებით 250 000 სამხედრო მოსამსახურე უმუშევარია. ეს ცნობა მოგვიანებით წაშალეს, იტყობინება ჟურნალისტ ფარიდა რუსტამოვა.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ნაცრისფერი ზონა - ათიათასობით ადამიანი, რომლებმაც... ვერ იშოვეს სამსახური. ისინი დაბრუნდნენ, არ მუშაობენ, ან ხარჯავენ მიღებულ ფულს, ან სხვა გზებით შოულობენ საარსებო წყაროს... საერთო ჯამში 250 000 ადამიანმა... ვერსად იშოვა სამსახური... ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს უნდა მივხედოთ“, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა გასული წლის ბოლოს.
მისი ციტატით ცნობა გამოაქვეყნა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“, მაგრამ სათაური და ტექსტი მოგვიანებით გადაკეთდა და რიცხვი შეიცვალა სიტყვებით „ათიათასობით“. ორიგინალური ვერსია ვებსაიტის არქივში რჩება.
ჩინოვნიკის სიტყვები ასევე გაავრცელა „კომერსანტმა“, ტელეგრამის არხმა „კონტექსტმა“ და ვებსაიტებმა „რიდუსმა“ და „ცარგრადმა“. როგორც რუსტამოვას უთხრა წყაროს ერთ-ერთი გამოცემიდან, რომელშიც ცნობას ცენზურა ჩაუტარდა, ეს „ზემოდან მოწოდებით“ გაკეთდა.
სამთავრობო წყარომ დასძინა, რომ „ფრონტიდან დაბრუნებული 250 ათასი უმუშევარი ჯარისკაცი დაახლოებითი, მაგრამ სწორი მაჩვენებელია“, თუმცა ის არასასურველია რუსეთის მთავრობისთვის.
ამასობაში, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასმა დეკემბრის ბოლოს ნოვიკოვზე დაყრდნობით გაავრვცელა ინფორმაცია, რომ „სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებული“ ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 167 000 არის. ეს შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც მოეპოვებათ საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის დამადასტურებელი საბუთი.
შარშან ივნისში მთავრობამ განაცხადა, რომ დემობილიზებული ჯარისკაცების 57% უკვე მუშაობდა, თუმცა მათი რიცხვი არ გახმაურებულა, დასძინა რუსტამოვამ.