ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედება გაფართოვდა, თეირანი კვლავ იბომბება, ირანი აგრძელებს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმას
აშშ-სა და ისრაელის საჰაერო ომი ირანის წინააღმდეგ გაფართოვდა. ისრაელმა ლიბანს დაარტყა ჰეზბოლას დარტყმების საპასუხოდ, ხოლო თეირანმა განაგრძო სარაკეტო და დრონებით თავდასხმები სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.
ირანზე თავდასხმამ სპარსეთის ყურე ომში ჩაითრია, ირანში, ისრაელსა და ლიბანში ათობით ადამიანი იმსხვერპლა, გლობალური საჰაერო მიმოსვლაში ქაოსია და ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტი
შეაჩერა, რამაც ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია.
ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ მათ თეირანში ირანის სახელმწიფო მაუწყებლის კომპლექსი დაბომბეს. დარტყმა ტერიტორიიდან ევაკუაციის შესახებ გაფრთხილებას მოჰყვა. ისრაელის სამხედრო ძალებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი თეირანში, ევინის რაიონზე დარტყმას გეგმავენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, დატოვონ აღნიშნული ზონა.
„სამხედრო ძალები მალე დარტყმას განახორციელებენ თეირანის ევინის რაიონზე, მაუწყებლობის ორგანოს კომპლექსში, როგორც ეს რუკაზეა მონიშნული“, - განაცხადეს სამხედროებმა X-ზე სპარსულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„უახლოეს საათებში (ისრაელის სამხედრო ძალები) ამ ტერიტორიაზე იმოქმედებენ, როგორც ეს ბოლო დღეებში
თეირანში მოხდა, ირანის რეჟიმის კუთვნილ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მიზნით“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
ორ მარტს კუვეიტმა შეცდომით სამი ამერიკული F-15E- გამანადგურებელი ჩამოაგდო ირანის თავდასხმის დროს, განაცხადა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ. ეკიპაჟის ექვსივე წევრმა მოახერხა კატაპულტირება და გადარჩნენ.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ირანში
1250-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 11 ირანული გემი გაანადგურეს.
ამ დროისთვის ექვსი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ყველა მათგანი ირანის მიერ კუვეიტზე შაბათ-კვირას განხორციელებული საპასუხო თავდასხმების დროს. მათ შორის იყო ორი, რომლებიც ადრე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.
ირანზე ფართო იერიშის მიტანის დაწყებიდან პენტაგონში გამართულ პირველ ოფიციალურ ბრიფინგზე, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების
თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ რეგიონში კიდევ უფრო მეტი ძალა მიემართება.
„ეს არ არის ერთი ღამის ოპერაცია. სამხედრო მიზნების მიღწევას... გარკვეული დრო დასჭირდება და ზოგიერთ შემთხვევაში ეს რთული და შრომატევადი სამუშაო იქნება“, - თქვა კეინმა.