„არა ომს“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას უპასუხა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დღეს, 4 მარტს კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის მთავრობის პოზიცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მიმართ.
ესპანეთმა აშშ-ს არ მისცა ირანზე შეტევებისთვის თავისი სამხედრო ბაზის გამოყენების უფლება. მადრიდის პოზიციით უკმაყოფილო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთს სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ესპანელებისადმი დღევანდელი სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ მთავრობის პოზიციაა „არა ომს“. სანჩესის თქმით, წარსულის შეცდომები არ უნდა განმეორდეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გულისხმობდა 2003 წელს ერაყში შეჭრას, რამაც, მისი შეფასებით, მიზანს ვერ მიაღწია და რეგიონში გამოიწვია არასტაბილურობა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესება.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ირანზე თავდასხმასაც ანალოგიური შედეგები ექნება მილიონობით ადამიანისთვის.
28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მოითხოვენ დაუყოვნებლივ დეესკალაციას და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემას. მეორე დღეს სანჩესმა განაცხადა, რომ შეიძლება ებრძოდე ირანის საძულველ რეჟიმს, როგორც ამას ესპანეთი აკეთებს და ამასთან, ეწინააღმდეგებოდე დაუსაბუთებელ და სახიფათო სამხედრო ჩარევას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესპანეთის მთავრობის პოზიცია მწვავედ გააკრიტიკა ისრაელმა.
მადრიდმა აშშ-ს არ მისცა ირანის საწინააღმდეგო ოპერაციისთვის ესპანეთის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზის გამოყენების უფლება.
3 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას ესპანეთის პოზიციას „საშინელი" უწოდა და განაცხადა, რომ ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტას აპირებენ.
ტრამპმა ესპანეთის მთავრობა გააკრიტიკა იმის გამოც, რომ ნატოს წევრებიდან მხოლოდ ის არ დასთანხმდა, სამხედრო ხარჯები გაეზარდა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ ირანის საწინააღმდეგო ოპერაციაში არ ჩაერთო.
2 მარტს ტრამპმა ბრიტანულ ტაბლოიდ Sun-ს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი სტარმერი არ დაეხმარა და ვერასდროს იფიქრებდა, რომ ბრიტანეთისგან მსგავსი დამოკიდებულება იქნებოდა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 1 მარტს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობს ირანის საწინააღმდეგო ოპერაციაში, რადგან რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო გზად მიიჩნევს მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შემუშავებაზე, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ითხოვა ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენება და ლონდონმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა, რათა ირანს ხელი შეუშალოს მთელ რეგიონზე სარაკეტო შეტევებსა და უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში.
ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.