ირანის ქალთა ნაკრების კიდევ სამმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნება
ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების სამმა წევრმა, რომლებსაც ავსტრალიაში დარჩენისათვის ჰუმანიტარული ვიზები ჰქონდათ მიღებული, გადაწყვეტილება შეცვალეს და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს.
ირანული დიასპორის წარმომადგენელმა უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ საუბარია ზაჰრა სოლთან მეშკეჰქარზე, მონე ჰამუდიზე და ზაჰრა სარბალიზე.
ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ცნობით, ვითარების კომენტირებისას ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ამ ქალებს უსაფრთხო მომავლის შანსი ჰქონოდათ.
„ავსტრალიის მთავრობას მხოლოდ ის შეუძლია, რომ უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა შესაძლებლობებზე. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ის გარემოებები, რომლებშიც სპორტსმენებს ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება უწევთ“, — განაცხადა ტონი ბერკმა საკუთარ განცხადებაში.
ავსტრალიის მთავრობის განმარტებამდე, ეს ინფორმაცია დაადასტურა ირანის სპორტის სამინისტრომაც.
„ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ეროვნულმა სულისკვეთებამ და პატრიოტიზმმა მტრების გეგმები ნულამდე შეამცირა“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც ავსტრალიის მთავრობა დადანაშაულებულია იმაში, რომ ის „დონალდ ტრამპის სასარგებლოდ თამაშობს“.
საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა, რომელიც დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის კორპუსთან, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაკრების სამივე წევრი მიემართებოდა კუალა-ლუმპურში (მალაიზია), რათა შეერთებოდნენ გუნდის დანარჩენ წევრებს და „დაჰბრუნებოდნენ თავიანთ სამშობლოსა და ოჯახებს მას შემდეგ, რაც თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადები უკან გაიწვიეს“.
ეს ნიშნავს, რომ იმ შვიდი ფეხბურთელიდან, რომლებმაც ავსტრალიაში თავშესაფარი ითხოვეს, ქვეყანაში მხოლოდ სამი დარჩა. 12 მარტს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ასევე გადაწყვიტა ირანში დაბრუნება.
10 მარტს ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ ხუთ ირანელ ქალ ფეხბურთელს თავშესაფარი მისცა.
მოთამაშეთა გლობალური კავშირი, FIFPRO მანამდე აცხადებდა, რომ ნაკრების წევრთა უსაფრთხოების გარშემო სერიოზული შეშფოთება არსებობს - იმ ფონზე, როცა ნაკრები სახლში დასაბრუნებლად ემზადება, ხოლო იქ მათ "ომის მოღალატეები" უწოდეს, სახელმწიფო ჰიმნის სიმღერაზე უარისთვის.
ფეხბურთელთა გადაწყვეტილებას, სამხრეთ კორეის ნაკრებთან პირველი მატჩის წინ ჩუმად მდგარიყვნენ მაშინ, როცა ირანის ჰიმნი ისმოდა, ირანის მაუწყებლის კომენტატორმა უწოდა "უღირსობის მწვერვალი".
შემდეგ, ავსტრალიასთან მეორე მატჩის წინ, ნაკრებმა ჰიმნი იმღერა, რამაც უფლებადამცველებს შორის აღძრა შეშფოთება, რომ ქალი ფეხბურთელები ზეწოლას განიცდიან სამთავრობო ძალების მხრიდან.