რუსეთში აკრძალეს "ოსკარის" მფლობელი ფილმის ჩვენება
26 მარტს ჩელიაბინსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ აკრძალა რუსეთში "ოსკარის" მფლობელი დოკუმენტური ფილმის „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ გავრცელება. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია Mediazona-მ გაავრცელა.
ფილმი დაფუძნებულია ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კარაბაშის #1 სკოლაში მასწავლებელ-ორგანიზატორის პაველ ტალანკინის მიერ გადაღებულ კადრებზე.
ფილმს საფუძვლად დაედო ტალანკინის, როგორც ვიდეოგრაფის მიერ სკოლაში „პატრიოტული აღზრდის" გაკვეთილებზე გადაღებული კადრები. სკოლებისგან მსგავს მასალებს რუსეთის განათლების სამინისტრო მოითხოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ გააქტიურებული პროპაგანდისტული ღონისძიებების შესახებ თავისი ანგარიშებისთვის.
„ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ ამერიკის კინოაკადემის ჯილდოზე დანიამ წარადგინა, რადგან ფილმის ამერიკელი რეჟისორი დევიდ ბორენშტეინი წლებია კოპენჰაგენში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ფილმის პროდიუსერმა, ალჟბეტა კარასკოვამ, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს განუცხადა, რომ გადაღება ტალანკინის რუსეთში ყოფნის დროს წარმოებდა. კადრები კი მან რეჟისორ დევიდ ბორენშტეინს სხვადასხვა საშუალებით გაუგზავნა. გადაღებები ორწელიწად-ნახევარი გრძელდებოდა. 2024 წელს ტალანკინმა რუსეთი დატოვა და გადაღებული კადრებიც თან წაიღო. ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. რუსულმა პროსამთავრობო მედიამ ფილმის "ოსკარით" დაჯილდოება არ გააშუქა.
სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას პროკურორმა განაცხადა, რომ ფილმის მიზანი მთავრობისა და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ - ანუ უკრაინაში ომის - მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა იყო.
სასამართლოში ითქვა, რომ ფილმი შეიცავს „ტერორისტულ პროპაგანდას“, რადგან მასში ნაჩვენებია, ტალანკინის კაბინეტში დაფაზე მიკრული თეთრ-ლურჯ-თეთრი დროშის, რამდენიმე კადრი, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულ სიმბოლოდაა აღიარებული.
პუტინთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭომ 18 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფილმში არასრულწლოვანთა გამოსახულება გამოყენებული იყო მშობლების, ან კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის გარეშე და დარღვეული იყო ბავშვების პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის და მათი დაცვის სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც გაეროს კონვენციითაა დადგენილი.
საბჭოს თანახმად, ბავშვების უფლებების დასაცავად მშობლებმა და კანონიერმა წარმომადგენლებმა მიმართეს რუსეთის „კომპეტენტურ ორგანოებს”, თავად საბჭო კი „ოსკარის” საორგანიზაციო კომიტეტს და იუნესკოს მიმართავს, შეამოწმონ რამდენად იყო დაცული ბავშვთა უფლებები ფილმის შექმნისა და გავრცელებისას და დაადგინონ, იყო თუ არა შესაბამისი თანხმობა.
პუტინთან არსებული საბჭოს განცხადებით, თუ გაირკვევა, რომ თანხმობა არ ყოფილა, განხილული უნდა იყოს რამდენად შეესაბამება ფილმი ამერიკის კინოაკადემიის მიერ დაჯილდოებისთვის გამოყენებულ „ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს".
„არიან ქვეყნები, სადაც ციდან ცვივა არა ვარსკვლავები, არამედ რაკეტები და დრონები. მომავლისთვის, ბავშვებისთვის შეაჩერეთ ყველა ომი ახლავე!”, - განაცხადა პაველ ტალანკინმა 15 მარტს, ლოს-ანჯელესში „ოსკარით” დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას.
მას შემდეგ, რაც „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“, როგორც 2025 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი „ოსკარით” დაჯილდოვდა, ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა ალჟბეტა კარასკოვამ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც ორი შვილის დედამ იცის, რამდენად ფაქიზია ბავშვების სამყარო და რამდენად იოლი და სახიფათოა ბავშვებით მანიპულაცია, რომელიც ფილმშია ასახული.