ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა.
თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი დასრულდა. აუქიონის შედეგების მიხედვით, შენობა 9450000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.
ეს შენობა ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად პირობიანი აუქციონის ფორმით მიმდინარე წლის 29 მაისს გამოიტანა.
პირობა კი, როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა განმარტა, ამ შენობაში 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას და ფუნქციონირების დაწყებას ითვალისწინებს.
უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვ.მ. და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვ.მ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის.
საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო.