საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტზე – ჩამოყალიბდება სამართლიანი, ძალიან სწორი თამაშის წესები
ჩამოყალიბდება აბსოლუტურად სამართლიანი, ძალიან სწორი თამაშის წესები, – ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ის ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკავშირდება და რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოპოზიციურ პარტიებს წარუდგინა.
„ჩვენ წარვადგინეთ დღეს საარჩევნო ცვლილებები. საუბარია როგორც საკონსტიტუციო ცვლილებაზე, ასევე საარჩევნო კოდექსში და პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე. არის არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას, არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიებისთვის. ზოგადად თითოეული რეგულაცია, რომელიც არის ჩვენს მიერ წარდგენილი, ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ამაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. თითოეული რეგულაცია სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, უფრო მეტიც, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდება აბსოლუტურად სამართლიანი, ძალიან სწორი თამაშის წესები და ეს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა იქნება საწინდარი იმისა, რომ 30 წლის თავზე საქართველოში დაიწყება პარტიული სისტემის განვითარების პროცესი. ეს არის უმთავრესი მიღწევა ამ ცვლილებების”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.