საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება – ეს გარდაუვალი საკითხია
საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება – ეს არის გარდაუვალი საკითხი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვის ქვეშ არასდროს დადგება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ნატოს, ევროკავშირის და ყველა ცივილიზებული სუბიექტის მხრიდან.
„რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, საუბარია ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე – ანუ შეუძლია თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, მაგრამ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს, ისე როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო ნატოს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ ქვეყნის გაცხადებული ამოცანაა, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოხდეს.
შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.
„ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება”, – განაცხადა რასმუსენმა.