ვისურვებდი, სახალხო დამცველი უფრო მეტად კრიტიკული ყოფილიყო
ვისურვებდი, სახალხო დამცველი უფრო მეტად კრიტიკული ყოფილიყო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში – მმართველობის პრობლემებში, სასამართლოსთან მიმართებაში, ძალაუფლების
მიტაცების მცდელობაში და კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებში, – ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ანგარიშს.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა ისეთ გახმაურებულ საქმეებს, რომელიც ისედაც ყველამ იცის.
“იმ ქვეყნის სახალხო დამცველი, სადაც ხდება ხელისუფლების მიტაცება, სასამართლოს უზურპირება და ვერტიკალში მოქცევა, სადაც სერიოზულ ნიშნულებამდეა კორუფცია და მმართველობის სერიოზული პრობლემებია და საერთოდ მოშლილია კონსტიტუციური პრინციპები, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო კრიტიკული უნდა
ყოფილიყო და აქცენტირება უნდა გაეკეთებინა ამ პრობლემებზე. სამწუხაროდ, ასეთი მასშტაბის მსჯელობას ხაზი სერიოზულად გასმული არ აქვს ამ ანგარიშში. მესმის, რომ მან ხაზი გაუსვა ძალიან გახმაურებულ საქმეებს, მაგრამ ეგ ისედაც ყველამ
იცის. მან უნდა ისაუბროს ისეთ რაღაცებზე, რაზეც მას ხელი მიუწვდება და შეუძლია საზოგადოების ინფორმირება.მე ვისურვებდი, რომ ცოტა კორექტირება გააკეთოს სახალხო დამცველმა თავისი ამოცანის“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.