პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ინფორმაცია გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 26 სექტემბერს,12:00 საათზეა დაბარებული.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.