სათათბირო ორგანოს შექმნის ინიციატივით ვერ გადაფარავენ იმ სკანდალურ შეწყალებებს, რომელსაც ზურაბიშვილმა უკვე მოაწერა ხელი
ახლა რაღაც რეგულაციებზე საუბრით, სათათბირო ორგანოს შექმნის ინიციატივით ვერ გადაფარავენ იმ სკანდალურ შეწყალებებს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა უკვე მოაწერა ხელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს სურს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს პრობლემა მდგომარეობდა საკანონმდებლო რეგულაციების გაუმართაობაში და ამიტომ შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებულები.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ გუნდს სურთ, სამომავლო რეგულაციებით გადაიტანონ ყურადღება მთავარი საკითხიდან – ეს ეხება 28 აგვისტოს შეწყალებებს. პრეზიდენტს სურს, წარმოაჩინოს, რომ თითქოს პრობლემა მდგომარეობდა საკანონმდებლო რეგულაციების გაუმართაობაში და ამიტომ შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებულები. სინამდვილეში, ეს არის გამოსაძიებელი საკითხი, რადგან არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და შესაძლოა, უშუალოდ პრეზიდენტიც ფინანსურად იყო დაინტერესებული აღნიშნული შეწყალების აქტების გამოცემით. ამიტომ „ევროპული საქართველო“ აუცილებლად მიიჩნევს გამოძიების სრულფასოვნად ჩატარებას და იმის დადგენას, თუ რა კრიტერიუმებით აარჩია ქალბატონმა ზურაბიშვილმა სწორედ შეწყალების კომისიის გარეშე, ათასობით პატიმრიდან ის პირები, რომლებიც მან შეიწყალა. ახლა რაღაც რეგულაციებზე საუბრით, სათათბირო ორგანოს შექმნის ინიციატივებით ვერ გადაფარავენ იმ სკანდალურ შეწყალებებს, რომელსაც ზურაბიშვილმა უკვე მოაწერა ხელი,“ – განაცხადა კახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა და როგორც სააგენტოს აცნობა, სწორედ კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაა „შეწყალების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის ძირითადი არსი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.