ეკატერინე ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ეს პროცესი, როგორც ხშირად ამბობენ, არის დასასრულის დასაწყისი და ეს აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის პროცესი ძალიან თანმიმდევრულად და წარმატებით წარიმართება.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ეს პროცესი, როგორც ხშირად ამბობენ, არის დასასრულის დასაწყისი და ეს აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შექმნილია პორტალი, სადაც ხდება ადამიანების დარეგისტრირება და დღეს 12:00 საათის შემდეგ სამედიცინო პერსონალს შეეძლება, რომ დაჯავშნონ მათი დრო და ადგილი თუ სად მოხდება მათი ვაქცინაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ძალიან თანმიმდევრულად და წარმატებით წარიმართება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ სამედიცინო დაწესებულებების აქტივობის მნიშვნელობა, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება მათთან უწყვეტი კავშირი, რითაც შევძლებთ ხარისხის განსაზღვრას და ასევე ყველა იმ საფრთხის მინიმირებას, რაც შესაძლოა დადგეს ამ პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.