პარტნიორების მიმართ სილის გაწვნის ტოლფასია
საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომ ქვეყანა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს, ოპოზიციაში ქვეყნის ღალატს უწოდებენ.
“ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განცხადება საერთაშორისო პარტნიორების სილის გაწვნას შეადარა.
“ამ 150 მილიონი ევროს დახმარება არის პირობიანი. ეს პირობები “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა – ვერ კი არა, არ შეასრულა და უბრალოდ დაასწრეს ევროკავშირს თქმა, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანას თანხა არ სჭირდება. ეს არის ღალატი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ევროკურსის, ევროინტეგრაციის მიმართ, პარტნიორების მიმართ სილის გაწვნის ტოლფასია,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ევროკავშირისგან ამ დახმარების მიღებას გარდა ეკონომიკურისა, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.
“ქართული ოცნება” არის ლუსტრირებული. მათ კი არ თქვეს უარი ამ დახმარებაზე, არამედ სასამართლო რეფორმის და შარლ მიშელის დოკუმენტის ჩაგდების გამო ევროპამ უარი უთხრა იმ ტრანშზე, რომელიც იყო გამოყოფილი. გარდა ეკონომიკურისა, ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, და როცა უარს ეუბნებიან დახმარებაზე დასავლეთს, ჩვენ ვიცით შემდეგ რომელი სახელმწიფო ეხმარება ასეთ ქვეყნებს,”-აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.