სუბარი: რატომ ხდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტის მიღება დაჩქარებული წესით
“ქართული ოცნების” წევრის სოზარ სუბარის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით კრიტიკის ერთადერთი რეალური მიზეზი მხოლოდ დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება იყოს.
მისივე თქმით, მათ უბრალოდ, სურდათ, რომ ეს ინსტიტუცია წლის ბოლომდე კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოექციათ.
“თავის დროზე ძალიან სერიოზული კრიტიკა მივიღეთ, როცა ეს ინსტიტუტი იქმნებოდა, ყველა გვეუბნებოდა, რომ არ შეიძლება ამ ორი ინსტიტუციის, ერთის მხრივ, საგამოძიებო სისტემის და მეორეს მხრივ, პირადი მონაცემების კონტროლის ინსპექტორის ერთად გაკეთება, რადგან მათ შორის არსებობს ინსტიტუციური კონტროლი. მე ამას ვეთანხმები, გუნდშიც მაშინ არ იყო ერთიანი აზრი. მაშინ მეც და გარკვეული ჯგუფის გარკვეულ წევრებს მიგვაჩნდა, რომ ამ მეორე ნაწილის, საგამოძიებო ნაწილის შექმნის საჭიროება არ იყო.
ერთადერთი კრიტიკის საფუძველი, რაც შეიძლება დარჩეს, ეს არის, რატომ ხდება პროექტის მიღება დაჩქარებული წესით. დაჩქარებული წესით ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც ასეთ კანონს იღებ, თუმცა, წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ მომავალი წლიდან მეტ-ნაკლებად, ეს ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული,”- აცხადებს სოზარ სუბარი.