წარმოუდგენელი ფაქტები სიქსტეს კაპელას შესახებ
სიქსტეს კაპელა რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ყოველდღიურად იგი, დაახლოებით, 25 000 სტუმარს მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, რომ რეზიდენციაში ფოტოების გადაღება აკრძალულია, შეუძლებელია ადამიანის მეხსიერებას დაავიწყდეს ის საოცრება, რასაც იხილავს.
სიქსტეს კაპელამ სახელწოდება რომის პაპის, სიქსტუს IV-ის საპატივცემულოდ მიიღო, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა სამშენებლო სამუშაოებს.
კაპელაში პირველი მესა 1483 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა, რომლის დროსაც იგი აკურთხეს. მართკუთხა ფორმის ნაგებობა ზომით სოლომონის ტაძრის ტოლია, რომელიც მოხსენიებულია ძველ აღთქმაში.
1508 წელს, ვიდრე კაპელაში სამუშაოები დაიწყებოდა, მის ჭერზე ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა იყო მოხატული, რომლის ავტორიც უმბრიელი მხატვარი პიერო მატეო დ’ამელია გახლდათ.
მიქელანჯელომ მისი მოხატვის შესახებ შეთავაზება უხალისოდ მიიღო, რადგან საკუთარ თავს მოქანდაკედ უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ფერმწერად. იგი ასევე ებრძოდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, სამუშაო დატვირთვის გამო, რაზეც ლექსიც კი დაწერა. ლექსში თავის მეგობარს, ჯოვანი და პისტოიას, უჩიოდა: “მე უკვე ჩიყვი გამიჩნდა ამ წამებისგან”. სიქსტის კაპელის ჭერის ფართობი ფეხბურთის მოედნის 1/6-ს შეადგენს – ეს არის, დაახლოებით, 12000 კვადრატული ფუტი.
მიქელანჯელო ერთადერთი არ არის, ვისაც სიქსტეს კაპელას მოხატვაში წვლილი მიუძღვის, იქ დომენიკო გირლანდაიოს, პიეტრო პერუჯინოს, კოზიმო როსელისა და სანდრო ბოტიჩელის ფრესკებსა და ნამუშევრებსაც იხილავთ.
მიქელანჯელომ ფრესკებზე ოთხი წელი იმუშავა და ღმერთი სახე დასრულებამდე არ გამოსახა. მას სურდა ჯერ დაეხვეწა თავისი ტექნიკა, რათა სრულყოფილ ნიმუშამდე მიეღწია.
საბოლოოდ, მან ღმერთის გამოსახულება შექმნა და წარმოაჩინა, როგორც ხანდაზმული მამაკაცი, ნაცრისფერი თმით – ეს სურათი შთააგონებდა მომავალ ქრისტიანულ ფრესკებს.
საკურთხევლის კედელზე არის კიდევ ერთი ცნობილი ნახატი: უკანასკნელი განაჩენი. ის ასევე მიქელანჯელოს მიერაა შესრულებული, თუმცა ჭერის მოხატვიდან 22 წლის შემდეგ.
წარმოუდგენელია, მაგრამ მიქელანჯელომ დაასრულა მთელი ჭერი ისე, რომ არ შეეძლო ნამუშევრის მთლიანად დანახვა, რადგან ხარაჩოები სამუშაოების დასრულებამდე დარჩა ადგილზე. პირველად შემოქმედმა საკუთარი ქმნილება სიქსტეს კაპელას გახსნაზე იხილა.
წყარო/ფოტო: The Fact Site