იენს სტოლტენბერგი: უკრაინელ სამხედროებს ახლა ყველა საშუალება აქვთ, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნონ
უკრაინას ყველა საშუალება აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამის შესახებ ნატო გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლისაბონში პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის დასაწყისიდან ნატოს წევრი სახელმწიფოები [უკრაინას] უპრეცედენტო დონის დახმარებას აწვდიან. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელ სამხედროებს ახლა ყველა საშუალება აქვთ, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნონ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის მხარდაჭერა იცვლებოდა – მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებიდან საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებამდე, ჯავშანტექნიკამდე და მძიმე საბრძოლო ტანკებამდე.
“და მივესალმები ალიანსის წევრების ბოლოდროინდელ განცხადებებს ფრთოსანი რაკეტებისა და დასავლური ავიაგამანადგურებლების გამოყენებისთვის უკრაინელი პილოტების გაწვრთნის შესახებ”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.