Deutche Welle: Sukhoi Superjet 100-ის პილოტს რუსეთში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მოსკოვის ოლქის ხიმკის რაიონის სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა Sukhoi Superjet 100-ის პილოტს დენის ევდოკიმოვს. ამ თვითმფრინავს 2019 წელს შერემეტიევოს აეროპორტში დაფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ბრალდების მხარის ვერსიით, დაფრენისას თვითმფრინავი დაბალანსებული არ იყო და მისი წონა ნორმას აღემატებოდა. პილოტმა ბრალი არ აღიარა. მისი აზრით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის კონსტრუქციის დეფექტი იყო.
კატასტროფა 2019 წლის 5 მაისს მოხდა. ავიაკომპანია „აეროფლოტის“ Sukhoi Superjet 100 მოსკოვიდან მურმანსკში უნდა გაფრენილიყო. აფრენის შემდეგ მალევე ეკიპაჟმა ავარიული დაფრენა მოითხოვა. დაფრენის მომენტში თვითმფრინავი მიწას შეეხო, რის გამო მისი კუდი მთლიანად დაიწვა. 78 მგზავრიდან გადარჩენა 37-მა მოახერხა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ავარიაში პილოტი დენის ევდიკიმოვი დაადანაშაულა.