ზურაბ ყიფშიძე იუბილარია
კულტურის სამინისტრო თეატრისა და კინოს მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავს.
ზურა ყიფშიძე სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (გერასიმოვისა და მაკაროვას სახელოსნო); თბილისში დაბრუნებისთანავე ახლად შექმნილ კინომსახიობთა თეატრში მიიწვია მიხეილ თუმანიშვილმა, სადაც ზურაბ ყიფშიძემ გამორჩეული თეატრალური სახეები შექმნა სპექტაკლებში: „შუშანიკის წამება“ (ვარსქენი), სუხოვო-კობილინის „საქმე“ (ტარელკინი), მოლიერის „დონ ჟუანი“ (დონ ჟუანი), უაილდერის „ჩვენი პატარა ქალაქი“ (არჩილ გამრეკელი), კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ (პორფირი), შექსპირის „მეფე ლირი“ (მეფე ლირი) და სხვ.
მსახიობმა, ასევე, მნიშვნელოვანი როლები შექმნა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე: როტმისტრი (სტრინდბერგის „მამა“) და მამია (იასმინა რეზას „ART“).
ზურა ყიფშიძე ეკრანზე პირველად გამოჩნდა ფილმში „მაცი ხვიტია“ (რეჟ. გ. შენგელაია, 1966, პატარა კოჭოია). შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე (1970-1972) სწავლის პერიოდში მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: „წუთისოფელი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, ნ. მანაგაძე, 1971, აფრასიონი) და „როცა აყვავდა ნუში“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1972, ზურა). ვგიკ-ში სწავლის პერიოდში მონაწილეობა მიიღო სახელოსნოს ხელმძღვანელის ს. გერასიმოვის ფილმში „დედა-შვილები“ (1974, რეზო).
თბილისში დაბრუნების შემდეგ, კინომსახიობთა თეატრის პარალელურად, 1976 წლიდან არის კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტ სხვადასხვა ჟანრის ფილმში. შექმნა თანამედროვეთა და სხვადასხვა ეპოქის პერსონაჟთა დაუვიწყარი სახეები. გარდასახვის დიდი ნიჭის მეშვეობით, თანაბარი დამაჯერებლობით ასახიერებდა როგორც დადებით, ასევე უარყოფით გმირებს.
News.ge ზურაბ ყიფშიძეს 70 წლის იუბილეს ულოცავს!