უფლებადამცველები გაეროს მოუწოდებენ, დაგმოს პუტინის კრიტიკოსის, კარა-მურზას დაპატიმრება
![უფლებადამცველები გაეროს მოუწოდებენ, დაგმოს პუტინის კრიტიკოსის, კარა-მურზას დაპატიმრება](https://gdb.rferl.org/56feff41-ef00-4908-bd77-a0a383c1d5fc_w800_h450.jpg)
25 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს მოუწოდებს, დაგმოს რუსეთის ხელისუფლების მიერ კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსის, ჟურნალისტის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას დაპატიმრება.
2 მაისით დათარიღებულ ერთობლივ განცხადებაში უფლებადამცველი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, გაეროს ყველა სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად, მოუწოდებენ დაგმონ კარა-მურზას დაპატიმრება და მოითხოვონ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება - ისევე, როგორც ყველა სხვა სინდისის პატიმრის, რომლებიც დააპატიმრეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების ფონზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
კარა-მურზა თავისი სახლის წინ 11 აპრილს დააპატიმრეს და მეორე დღეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 15 დღით მიუსაჯეს პატიმრობა. 22 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ განაცხადა, რომ კარა-მურზა პატიმრობაში უნდა დარჩეს ახალი ბრალდების გამო, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის არმიაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას - მას მერე, რაც კარა-მურზამ ინტერვიუში გააკრიტიკა რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში.
"ეს ბრალდებები შეთითხნილია და მიზნად ისახავს მხოლოდ დაუმორჩილებლობის ჩახშობას რუსეთში. ისინი ასახავს [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ] პუტინის შიშს სიმართლის მიმართ", - აცხადებს კოალიცია, რომლის წევრთა შორის არიან United Nations Watch-ი და the Human Rights Foundation-ი.
2015 და 2017 წლებში კარა-მურზა საავადმყოფოებში მოხვდა კრიტიკულ მდგომარეობაში, მძიმე მოწამვლის სიმპტომებით. საფრანგეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა მძიმე მეტალების ნორმაზე გაცილებით მეტი კონცენტრაცია პოლიტიკოსის ორგანიზმში. კარა-მურზა მიმართავდა საგამოძიებო კომიტეტს, მაგრამ თავდასხმის საქმის აღძვრაზე მას უარს ეუბნებოდნენ.
თავად კარა-მურზა მიიჩნევს, რომ მისი მოკვლა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით სურდათ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ მისი "მიზანმიმართული მოწამვლის" მიზეზი იყო მისი მრავალწლიანი მუშაობა პერსონალური სანქციების დაწესების საქმეზე ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეებისთვის. კარა-მურზა იყო ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც ლობირებდა "მაგნიტსკის კანონის" მიღებას აშშ-ში, ის ასევე აშუქებდა ბორის ნემცოვის მკვლელობას და რეპრესიებს რუსეთში.
მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კარა-მურზამ, სხვა ოპოზიციონერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, შექმნა ომის საწინააღმდეგო კომიტეტი, რომლის წევრებმაც მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდეს, ომის დამნაშავეებად გამოაცხადონ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც საომარი მოქმედებების გაცემის ბრძანება გასცა.