ერიკ-ნილს კროსი: ვხედავთ, რომ [საქართველოს] მთავრობა რუსეთს ეკეკლუცება
„ვხედავთ, რომ [საქართველოს] მთავრობა რუსეთს ეკეკლუცება [და] მაინც გავიძახით: მაგრამ ისინი ხომ ჩვენი მეგობრები არიან! ისინი კაი ტიპები არიან! ვფიქრობ, საკმარისად კრიტიკულები არ ვართ ამ ეტაპზე. გვგონია, რომ საქართველოს დაბრუნების დრო ისევ გვაქვს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ესტონეთის პარლამენტის წევრი, ესტონეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, 2008 წელს საქართველოს მთავრობის მრჩეველი, ერიკ კროსი. ვაჟა თავბერიძემ მას აგვისტოს ომის რუსეთ-უკრაინის ომთან შედარება სთხოვა.
რადიო თავისუფლება: უკრაინის ომის ბოლო მოვლენებით დავიწყოთ – ამ დღეების მთავარი ამბავი უკრაინელების მიერ ყირიმში რუსული ავიაბაზის დაბომბვა გახდა. როგორც დაზვერვის ყოფილი შეფისთვის, თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს მოწინააღმდეგის „აზრების კითხვა“ – რამდენად დიდი მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმაა ეს რუსებისთვის?
ერიკ-ნილს კროსი: ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, უკრაინელებისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან მათ თავდაჯერებულობას, თვითრწმენას შემატებს. ის რომ ყირიმს ვერ წვდებოდნენ, უკრაინელებს კარგა ხნის განმავლობაში [ფსიქოლოგიურ] ტვირთად აწვათ. რა თქმა უნდა, ეს ფსიქოლოგიური დარტყმაა ყირიმის იმ მოსახლეობისთვის, ვინც ოკუპანტებს თანაუგრძნობს და რუსი ტურისტებისთვის. მაგრამ რაც შეეხება რუსული არმიის “ლიდერშიპს”, ვფიქრობ, ეს მათთვის სიურპრიზი არ იქნებოდა, ისინი დიდი ალბათობით ელოდნენ რაიმე მსგავსს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელებისთვის უკვე რუტინად იქცა რუსების საბრძოლო საწყობების აფეთქება ფრონტის ხაზიდან შორს, ასე 90 კილომეტრში. სტრატეგიულ გარღვევად ამის მონათვლა არ ღირს, მაგრამ ტენდენცია ნამდვილად პოზიტიურია.
რადიო თავისუფლება: როგორი იქნება რუსების პასუხი? რაიმე განსაკუთრებულს მოიფიქრებენ?
ერიკ-ნილს კროსი: იმავეს იზამენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ – უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ამოიღებენ მიზანში. გააკეთებენ იმას, რაც რუსულ არმიას ყველაზე კარგად გამოსდის – ეს კი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაა. ბრძოლის ველზე ბალანსს ეს არ ცვლის.