ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ პირველი ზღურბლი გადალახა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზაზე
ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე 15 დეკემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპის კავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.
ამის შესახებ ტვიტერით გაავრცელა ცნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. „ძლიერი სიგნალი ხალხისთვის“ - ასე მიულოცა მიშელმა იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას დასავლეთ ბალკანეთში სტატუსის მიღება. თუმცა მიშელი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ახალმა მთავრობამ უნდა „გაატაროს რეფორმები“. ევროკავშირის წევრობისკენ ბოსნიის წინ წაწევა ევროკავშირის უფრო ფართო, ბალკანეთის ქვეყნებზე, გაფართოების პროცესის ნაწილია. დასავლური ბლოკი ცდილობს მოერიოს რეგიონში რუსეთის და ჩინეთის მხრიდან კონკურენციას. კანდიდატობის სტატუსის მოპოვება პირველი ნაბიჯია ბლოკის წევრობისკენ გრძელ და რთულ გზაზე. ევროკავშირი ბოსნიისგან მოითხოვს რეფორმების გატარებას კანონის უზენაესობის სფეროში, ასევე დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრებას და სამართლებრივ და ეკონომიკურ რეფორმებს. ბოსნიასთან ოფიციალური მოლაპარაკება გაწევრიანების შესახებ დაიწყება მოგვიანებით. სარაევოს 2003 წელს მიანიჭა ევროკავშირმა პოტენციური კანდიდატის სტატუსი. 2016 წელს ამ ქვეყანამ განაცხადი გააკეთა ბლოკში წევრობის შესახებ და ახლა, ექვსი წლის შემდეგ, დასახელდა ოფიციალურ კანდიდატად.
ბრიუსელის სამიტზე, რომელსაც ვიდეო-ხიდის მეშვეობით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა, როგორც ტვიტერის იტყობინება შარლ მიშელი, ითქვა, რომ ევროკავშირი საფინანსო, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინას, რათა დაიცვას თავი და გადაიტანოს ზამთარი.