ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ვიზიტისას მივიდა ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი მოსკოვში ვიზიტისას მივიდა ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას და პატივი მიაგო მის ხსოვნას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში. მოსკოვში ჯონსონის ვიზიტისას, გაიმართა მისი შეხვედრა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან, რომელმაც ამ საუბარს "გულახდილი დიალოგი" უწოდა. ხოლო ჯონსონმა პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლონდონი ვერ დახუჭავს თვალს უცხო ქვეყნების არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, მის მოქმედებაზე უკრაინაში, ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი მამაკაცების დევნაზე. იქვე ჯონსონმა აღნიშნა, რომ ხედავს დამაიმედებელ ნიშნებსაც: ორ ქვეყანას შორის სირთულეების მიუხედავად, ბრიტანეთიდან „კეტლის“ ფირმის ჩიფსებისა და „ბენტლის“ მარკის ავტომანქანების ექსპორტის ზრდა იძლევა ურთიერთობის გაუმჯობესების იმედსო, განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე. ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია და რუსეთისვე მოქმედება სირიაში, ისევე როგორც რუსეთის სავარაუდო ჩარევა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს.