ბრიტანეთის ფლოტმა ჩრდილოეთის ზღვიდან რუსეთის ხომალდი გაიყვანა
ბრიტანეთის სამეფო ფლოტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთის ზღვიდან, ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვიდან გაიყვანა რუსეთის სამხედრო ხომალდი. ფლოტის მიერ გავრცელებული განცხადებით, ფრეგატი HMS St Albans 23 დეკემბერს დაიძრა ადგილიდან საიმისოდ, რომ დაკვირვებოდა რუსეთის ხომალდ "ადმირალ გორშკოვს", როცა ის გადაადგილდებოდა ჩრდილოეთის ზღვაში, "ეროვნული ინტერესის ადგილებში". რუსეთის მხრიდან საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა. ბრიტანეთის ფლოტი დასძენს, რომ ბოლო პერიოდში "გახშირდა რუსეთის ხომალდების ტრანზიტი გაერთიანებული სამეფოს წყლებში". ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გევინ უილიამსონი ინციდენტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, თავს არ შევიკავებთ "ჩვენი წყლების დასაცავად და არ მოვითმენთ აგრესიის არც ერთ ფორმასო". სამეფო ფლოტის თანახმად, გამოძახებულ იქნა ბრიტანეთის კიდევ ერთი ფრეგატი, HMS Tyne, რათა მას მოეხდინა რუსეთის სადაზვერვო ხომალდის ესკორტი ჩრდილოეთის ზღვაზე და ინგლისის არხში. ამასთან, ფლოტის ვერტმფრენი გაიგზავნა რუსეთის კიდევ ორ ხომალდზე დასაკვირვებლად.