შაბათს აშშ-ში დაფიქსირდა COVID-19-ით გამოწვეული პირველი სასიკვდილო შემთხვევა
მთლიანობაში 1 მარტისთვის აშშ-ში კორონავირუსით დაავადების 69 შემთხვევაა აღრიცხული. მათი უმრავლესობა დაავადდა უცხოეთში, მათ შორის საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, რომელი იაპონიის ნაპირებთან იმყოფება კარანტინში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, მოერიდონ პანიკას აშშ-ის ტერიტორიაზე კორონავირუსით პირველი გარდაცვლილის შესახებ ცნობის გამო. ამასთან, მან აღიარა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი, როგორც ჩანს, გაიზრდება. მაგრამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის. ორშაბათს პრეზიდენტი ფარმაცევტულ კომპანიებს შეხვდება ვაქცინის შექმნაზე სასაუბროდ.
1 მარტისთვის მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების დაახლოებით 87 ათასი შემთხვევა. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი სამხრეთ კორეასა და ირანში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩინეთში, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება. ევროპაში ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა იტალიაში. იქ ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სამი ათასს უახლოვდება. დიდი უმრავლესობა ჩინეთში გარდაიცვალა. 43 ადამიანი გარდაიცვალა ირანში, სადაც ყველაზე მაღალია სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი. 29 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში. კვირას კორონავირუსით პირველი პაციენტები გარდაიცვალნენ ავსტრალიასა და ტაილანდში.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ 41 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. დანარჩენებს მკურნალობა უტარდებათ.