მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს გადააჭარბა
მარტო იტალიაში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 500-ზე მეტი ადამიანი დაავადდა. იტალიაში ინფიცირებული 1700 ადამიანიდან 34 გარდაიცვალა.
ჩეხეთის მთავრობამ კვირას გამოაცხადა, რომ ქვეყანაში პირველად გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევები. საქმე ეხება სამ პაციენტს, რომელიც იტალიიდან ჩავიდა ჩეხეთში.
1 მარტს პარიზში არ გაღებულა მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი მუზეუმი ლუვრი. მისმა თანამშრომლებმა კორონავირუსის საფრთხის გამო უარი თქვეს მუშაობაზე. საფრანგეთის კანონმდებლობით, თანამშრომელს უფლება აქვს არ შეასრულოს სამუშაო, თუკი ის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას „სერიოზული და გარდაუვალი“ საფრთხით ემუქრება. ამასთან, ის მთლიანად ინარჩუნებს ხელფასს და არ ექვემდებარება სანქციებს. საფრანგეთში დაავადების 130 შემთხვევა დადგინდა, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში ამ მომენტისთვის გამოვლენილია კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა. ექიმების თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.