მოსკოვის სასამართლომ პოლ უილენი 13 სექტემბრამდე დატოვა წინასწარ პატიმრობაში
მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ „უკუაგდო ჩვენი სააპელაციო სარჩელი აღმკვეთი ზომის გაგრძელების თაობაზე“, განაცხადა უილენის ადვოკატმა ვლადიმირ ჟერებენკოვმა 14 მაისს.
23 მარტს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უილენს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ექვსი თვით გაუგრძელა 13 სექტემბრამდე.
50 წლის უილენი, რომელსაც ამავე დროს ბრიტანეთის, კანადისა დ ირლანდიის მოქალაქეობაც აქვს, 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მოსკოვში. პროკურორების მტკიცებით, მისი „ფლეშ-დისკი“ საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში უილენს 20 წლით პატიმრობა ემუქრება.
უილენი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ ისინი პოლიტიკური ხასიათისაა. ამავე დროს, ის ამბობს, რომ მცველები მას სასტიკად ეპყრობიან. აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი აცხადებს, რომ ის მოსკოვში ქორწილზე დასასწრებად ჩავიდა.