აშშ რუსეთს გაუგზავნის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატს
აშშ-ის მთავრობამ მთლიანად გადაიხადა აპარატების ფასი და რუსეთში მათი ჩატანის ხარჯები, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა თქმით, მთლიანობაში - 4,7 მილიონი დოლარი.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს რუსეთში ჩაიტანენ რუსეთის სამხედრო ავიაციის მეშვეობით, ვინაიდან ამჟამად რუსეთსა და აშშ-ს შორის არ არის კომერციული რეისები. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ აპარატები განკუთვნილია რუსეთის მოსახლეობისთვის და ეს გადაწვეტილება არაა რუსეთის სამხედროებთან რაიმე სახის პარტნიორობის სიგნალი, აღნიშნავს „ამერიკის ხმა“.
აპრილის დასაწყისში რუსეთმა აშშ-ში გაგზავნა რუსული წარმოების ვენტილატორები და ეს აქცია მოსკოვის მიერ თავდაპირველად დიდსულოვან ჟესტად იქნა წარმოდგენილი. მოგვიანებით ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ვენტილატორებში ფული გადაიხადა.