ირანში საფრანგეთის ორ მოქალაქეს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ
ირანის რევოლუციური სასამართლო განიხილავს საქმეს საფრანგეთის ორი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებული არიან ჯაშუშობასა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში. ამის შესახებ ირანის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
ბრალდებულთა ვინაობას არ იტყობინებიან. ცნობილია, რომ ისინი ნოემბერში დააკავეს ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე. ანალოგიური ბრალდებები წაუყენეს ბელგიის ერთ მოქალაქეს. მთლიანობაში, ირანი იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ქვეყანაში დააკავეს მინიმუმ 40 უცხოელი, მათ შორის არიან ტურისტები.
2022 წლის სექტემბერში ირანში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მოჰყვა 22 წლის აქტივისტი ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილს ზნეობის პოლიციის მიერ მისი დაკავების შემდეგ. ამინი ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააკავეს. მას შემდეგ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შესაძლებელია ზოგიერთ დათმობაზე წასვლა. კერძოდ, გენერალურმა პროკურორმა მოჰამად ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ხელისუფლება განიხილავს ჰიჯაბის ტარების აუცილებლობის შესახებ კანონის შეცვლას.
საპროტესტო გამოსვლებს სასტიკად ახშობდნენ. ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 40-ზე მეტი დემონსტრანტი და ძალოვანი სტრუქტურების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი. 18 ათასამდე ადამიანი დააკავეს. მას შემდეგ მინიმუმ 11 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს.