პესკოვი ადასტურებს, რომ ისევ ძალაშია პუტინის ბრძანება "ნაწილობრივი მობილიზაციის" შესახებ
![პესკოვი ადასტურებს, რომ ისევ ძალაშია პუტინის ბრძანება](https://gdb.rferl.org/b4863105-94e5-4f3f-ab47-04aa5729af8e_w800_h450.jpg)
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება უკრაინასთან საომრად „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ, ისევ ძალაშია. პესკოვს მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, რატომ არ გაუქმდა განკარგულება, თუ მობილიზაცია უკვე დასრულებულია.
„რაც შეეხება ნაწილობრივი მობილიზაციით გაწვევას, ეს პროცესი დასრულებულია და აქ გთავაზობთ, ორიიენტირებას რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებსა და განცხადებებზე. მაგრამ განკარგულება ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სხვა ფუნქციებსაც“, - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გაწვევა ხორციელდებოდა შეიარაღებული ძალებისთვის დასახული ამოცანების შესასრულებლად საჭირო რიცხოვნობის მისაღწევად და მას შემდეგ, რაც შესაბამის რიცხვს მიაღწიეს „მოქალაქეთა გაწვევა შეჩერდა, დასრულდა“. კრემლის პრესმდივანმა არ დააკონკრეტა რას მოიცავს პუტინის განკარგულების სხვა ნაწილი, რომლის გამოც ის კვლავ ძალაშია.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ფსკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატ არტურ გაიდუკს მისი მიმართვის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერილობით აცნობეს, რომ პუტინის ბრძანებულება "ნაწილობრივი მობილიზაციის" ისევ ძალაშია.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაცია" 2022 წელს გამოაცხადა. 28 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ მობილიზაცია დასრულდა, რადგან შესრულებულია მისი ამოცანა - 300 ათასი ადამიანის გაწვევა.