რუსეთის არმია კონცენტრირებას ახდენს უგლედარის ტერიტორიაზე და ცეცხლს უშენს უკრაინის პოზიციებს
დონეცკის ოლქის უგლედარის მიდამოებში რუსი სამხედროები ძალების კონცენტრირებას და უკრაინელი მებრძოლების თავდაცვით პოზიციებზე მასიური დარტყმების მიყენებას ცდილობენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უგლედარის ტერიტორიაზე ბრძოლები ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, რუსეთის არმიამ ამ მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწია და მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.
უკრაინელი ოფიცრის თქმით, დღე-ღამეში რუსეთის არმიამ უგლედარში მოკლულის სახით 108, დაჭრილის კი 136 ადამიანი დაკარგა. ომის დროს დანაკარგების შესახებ გავრცელებული ცნობების გადამოწმება არ ხერხდება.
უკრაინის დონეცკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს, კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ რუსეთის ძალები უგლედარის შემოგარენს აკონტროლებენ და მიმდინარეობს ოპერაცია უკრაინელი სამხედროებისგან ქალაქის "გასაწმენდად".
აღნიშნულ განცხადებას "მიზანმიმართული დეზინფორმაცია" უწოდა ბრიტანეთის დაზვერვამ. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები, როგორც ჩანს, აწარმოებდნენ ლოკალურ, საცდელ შეტევებს, თუმცა, დიდი ალბათობით, ვერ მიაღწიეს ვერანაირ არსებით წარმატებას.