თეა გოდოლაძე: მეგობრებო, მეზობლებო, თანამემამულენო! მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საზოგადოებას მიმართავს.
“მეგობრებო, მეზობლებო, თანამემამულენო! მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ, მე არასდროს არ ვიტყვი და არავის არ ვეტყვი, რომ ამადა ამ დღეს, ამა და ამ საათსა და წუთზე და ამა და ამ ადგილზე (კოორდინატების მითითებით) მოხდება მიწისძვრა.
მეტიც, ძალიან არასერიოზულია ეს და მსოფლიო სამეცნიერო სივრცე სკეპტიკურად უყურებს იმ მკვლევარებს, რომლებიც იჩემებენ მიწისძვრის პროგნოზი შეგვიძლიაო.
რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს. ეს არის სეისმური საფრთხის შეფასება. გრძელვადიანი პროგნოზი ნიშნავს, რომ სამეცნიერო კვლევის საფუძველზე, დანაკვირვებ მასალაზე დაყრდნობით, კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარკვეული ალბათობით, მომავალში შესაძლებელია მოხდეს ისეთი სიდიდის მიწისძვრა, რომელიც ამა და ამ გრუნტის მაქსიმალურ აჩქარებას გამოიწვევს.
სხვა სიტყვებით: დიახ, საქართველო სეისმურად აქტიური ქვეყანაა. აქ ხდებოდა, ხდება და მოხდება მიწისძვრები. გახსოვთ თბილისის 2002 წლის მიწისძვრა? (Mw=4.5)ეპიცენტრი იყო თბილისში. 1991 წლის რაჭის მიწისძვრა (Ms=7) და ა.შ.
ამიტომ, დიახ, საქართველოში მოხდება მიწისძვრები, მაგრამ ზუსტი პროგნოზი არ შეგვიძლია. შეგვიძლია მხოლოდ სეისმური საფრთხის შეფასება.
ეს არის საქართველოს სეისმური საფრთხის რუკა. თავისუფალი ვარდნის აჩქარებით გამოსახული. ბალს აღარვინ იყენებს. რაც უფრო წითელია, საფრთხე მით მეტია”,- წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.