კადიროვი გენერალ სობოლევს "რუსეთის არმიის ავტორიტეტის შელახვისთვის" აკრიტიკებს
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა „რუსეთის არმიისა და მთელი სახელმწიფოს ავტორიტეტის ძირის გამოთხრაში“ დაადანაშაულა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი, გენერალი ვიქტორ სობოლევი, რომელმაც გამორიცხა რუსეთის თავდასხმა პოლონეთზე.
თავის ტელეგრამის არხში გენერალ სობოლევის ეს პოზიციას კადიროვმა „სირაქლემას პოზას“ შეადარა და სიმხდალეში დაადანაშაულა.
„თუ ვინმე, სობოლევის გარდა, თავის აზრებში წინასწარ ემზადება ომში დამარცხებისთვის, მაშინ სჯობს წინასწარვე ჩაბარდეს პოლონელებს და ნუ მართავს პროევროპულ საუბარს, რაც რუსეთის არმიისა და მთელი სახელმწიფოს ავტორიტეტს ლახავს“, - აცხადებს რამზან კადიროვი.
წინა დღით სობოლევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატოს წევრ პოლონეთში შეჭრა მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული დაპირისპირების დასაწყისი იქნება, რაზეც რუსეთი არ წავა.
უფრო ადრე ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ სურს რუსეთმა პოლონეთის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაც“ მოახდინოს. ასეთი კომენტარი ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მას შემდეგ, რაც პოლონეთის ხელისუფლება ამერიკული იარაღის მიღების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვი გენერალ სობოლევს აკრიტიკებს. იანვრის შუა რიცხვებში, ჯარში წვერის ტარების შესაძლო აკრძალვის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას, სობოლევმა განაცხადა, რომ "თუ [სამხედრო მოსამსახურე] თმამოშვებული და წვერგაუპარსავია, ეს მას არ ამშვენებს არც როგორც ადამიანს და არც როგორც ჯარისკაცს“. მოგვიანებით თავის ტელეგრამის არხში კადიროვმა გენერალ სობოლევის ამ სიტყვებს უწოდა" პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საბრძოლო სულის ჩაქრობას“.