ბადრი ესებუა ბესლან ანჩაბაძის სახელით ოკუპირებულ აფხაზეთში გადადიოდა - მედია
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა ოკუპირებულ აფხაზეთში ბესლან ანჩაბაძის სახელით გადადიოდა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხი" და „ტვ პირველი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მათ მოიპოვეს საქმის მასალები, რომლითაც დგინდება, რომ ბადრი ესებუას დაკავებისას თან ჰქონდა 295 000 რუბლი, 300 000 ლარი, ასევე მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე ათეული ვაზნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი და "პრადას" ფირმის საფულე.
ამავე ტელევიზიების ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავების დროს არ იცოდნენ, რომ სახლში, სადაც შედიოდნენ, ძებნილი ბადრი ესებუა იმყოფებოდა.
“ამავე ჩანთიდან, ამოღებულ იქნა ერთი ცალი მაჯის საათი, "Viforce-ს" ფირმის, ერთი ცალი კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი კბილის პასტა, ერთი ცალი სველი ქაღალდი, აეროზოლი, 4 ცალი ფრჩხილის საჭრელი, ტელეფონის დამტენი, ერთი ცალი "ფოვერბანკი", პისტოლეტის ჩასადები ჩიხოლი, ერთი ცალი, 9 ცალი ვაზნა, რომელიც მოთავსებულია პარკში, მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 4 ცალი ვაზნა, მუყაოს ყუთი 10 ვაზნით, ორი ცალი მუყაოს ყუთი 25 ვაზნით, სულ 50 ვაზნით, ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი აფხაზური პასპორტი, ანჩაბაძე ბესლანი, სახელი გვარით. [...] ერთი წყვილი სამხედრო ფორმა, შარვალი, ქურთუკი და ქუდი", - ავრცელებს „მთავარი არხი“.
ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ბადრი ესებუას მართლაც ჰქონდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი. საქმის მასალების შესახებ მას სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს:
„ვერ გეტყვით. ვიცი მხოლოდ ის, რომ საქმის მასალებში დევს ეს რაღაც პასპორტი, რომელიც ჯერ თვალით არ მინახავს... ეს საკითხები ჩემთვის არ არის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
მისი ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს ბადრი ესებუას საქმეს მისთვის წაყენებულახალ ბრალთან დაკავშირებით - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვაზე.
როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდებული სხდომას დაესწრება.
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს, ომიანე ჯიქიას ეკუთვნის.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.