რუსეთში წინასწარი დაკავების საკანში გარდაიცვალა ყირიმელი თათარი აქტივისტი ჯემილ გაფაროვი
ყირიმელი თათარი აქტივისტი ჯემილ გაფაროვი, რომელიც გაასამართლეს რუსეთში ჰიზბ-უ-თაჰრირის ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით, გარდაიცვალა წინასწარი დაკავების ცენტრში ნოვოჩერკასკში (როსტოვის ოლქი).
რუსეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულად არის მიჩნეული. ცნობა გაფაროვის გარდაცვალების შესახებ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ რეფატ ჩუბაროვმა გაავრცელა.
გაფაროვი 60 წლის იყო. მას თირკმლის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს და 2022 წლის ნოემბერში გულის შეტევა გადაიტანა. გაფაროვი ამტკიცებდა, რომ საპატიმროს ადმინისტრაცია უარს ეუბნებოდა მას სამედიცინო დახმარების გაწევაზე. ადვოკატები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გაფაროვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. „ამბობს, რომ ძალიან ცუდად არის, დღეში ორჯერ აქვს შეტევა... ამბობს, რომ რაღაც წამლების მიცემას ცდილობენ, მაგრამ მათ მისაღებად საჭიროა ექიმის კონსულტაცია ... რასაც გულისთვის აძლევენ, შეიძლება თირკმელებზეც იმოქმედოს. ლაპარაკის დროსაც კი არ დგება“, - განაცხადა იანვარში გაფაროვის მდგომარეობაზე ადვოკატმა ემილ კურბედინოვმა.
თავად ჯემილ გაფაროვი ამბობდა, რომ ელოდა კოლონიაში გადაყვანას და შიშობდა, რომ გზას ვერ გადაიტანს.
რუსეთის ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახურს გაფაროვის ადვოკატებისა და ახლობლების ინფორმაციაზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
2023 წლის 11 იანვარს ყირიმელ თათრებს ალიმ კარიმოვს, სეირან მურთაზას, ერფან ოსმანოვს, ჯემილ გაფაროვს და სერვეტ გაზიევს, რომლებიც ბრალდებულები არიან ყირიმელი მუსლიმების ე.წ. „ტერორისტულ საქმიანობაში“ მონაწილეობაში.
გაფაროვი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 2019 წელს დააკავეს. უფლებადამცველმა ცენტრმა „მემორიალმა“ პოლიტპატიმრებად აღიარა მაშინ დაპატიმრებული ყირიმელი თათარი აქტივისტები, მათ შორის გაფაროვი.