Washington Post: უკრაინას HIMARS-ის სამიზნეების კოორდინატებს აშშ აწვდის
HIMARS-ის, ან სხვა ზალპური ცეცხლის ამერიკული სარაკეტო სისტემების გამოყენებისას უკრაინელ სამხედროებს სამიზნეების შესახებ მონაცემებს აწვდიან აშშ-ის სამხედროები, რომლებიც ევროპაში არიან განთავსებული- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Washington Post-ი, რომელიც ამერიკელ და უკრაინელ მოხელეებს ეყრდნობა.
როგორც უკრაინის მაღალი რანგის სამხედრომ უთხრა გაზეთს, ამგვარი მიდგომა აშშ უნდა არწმუნებდეს, რომ უკრაინას შეიძლება ანდონ შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემებიც. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები განსაზღვრავენ სამიზნეს და შემდეგ ამ ინფორმაციას აწვდიან სარდლობას, რომელიც ამერიკელი კოლეგების საშუალებით აზუსტებს კოორდინატებს. გაზეთს თანამოსაუბრემ უთხრა, რომ თუ ამერიკელები რაიმე მიზეზით არ აზუსტებენ კოორდინატებს, დარტყმა არ ხდება.
როგორც გამოცემას აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა უთხრა, აშშ-მა რა ხანია აღიარა, რომ "აწვდის უკრაინას სადაზვერვო მასალას“, რათა დაეხმაროს მას რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. მისი თქმით, სამიზნეს ირჩევს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უკრაინა. „აშშ არ ამტკიცებს სამიზნეს და არ მონაწილეობას მათ შერჩევაში,“ თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ახლა უკრაინის ხელშია აშშ-ის ზალპური ცეცხლის სისტემები - HIMARS-ი და მისი მსგავსი M270, რომელთა მოქმედების სიშორე 75 კილომეტრია. ვაშინგტონი არ აკმაყოფილებს კიევის სურვილს, შორ მანძილზე, 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტების მიწოდების შესახებ, რადგან შიშობს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა შეიძლება ცეცხლი დაუშინონ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტებს, რამაც შეიძლება უკონტროლოდ გაამწვავოს კონფლიქტი და მასში აშშ ჩაითრიოს.
კიევი ამტკიცებს, რომ არ აპირებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებისთვის ცეცხლის დაშენას.