პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს მოსკოვის МГИМО-ს ყველა კურსდამთავრებული
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დარჩა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) კურსდამთავრებული. გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი, ვისაც დამთავრებული აქვს ეს უნივერსიტეტი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი უნივერსიტეტია.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა 14 თებერვალს Polska Codziennie-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, პოლონეთის დიპლომატია უკვე ორი თვეა „გათავისუფლდა რუსეთის МГИМО-სგან“.
„მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი იყო ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის საქმიანობაში. ეს საბჭოთა რბილი ძალის ნაწილია. კურსდამთავრებულებს უნდა ემსახურათ ამ იმპერიის ცნობიერებისთვის,“ მოჰყავს გაზეთს მინისტრის სიტყვები.
„ჩვენ მოვახერხეთ, დაგვეხურა მნიშვნელოვანი პროცესი, რაც დეკომუნიზაციის ნაწილია ფართო გაგებით,“ დასძინა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.