ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა, რუსეთში „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანონ
საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპერტი ვახტანგ მაისაია და ჟურნალისტი გელა ვასაძე, შესაძლოა, რუსეთში უცხოური აგენტების სიაში შეიყვანონ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მათ გარდა სიაში შეიძლება მოხვდეს „ეხო კავკაზას“ ბლოგერი დიმიტრი მონიავა. ყველა დასახელებული პირი საქართველოს მოქალაქეა.
ეს ინფორმაცია მედიას ბელარუსმა ბლოგერებმა გადასცეს. მათ შარშან ელექტრონული ფოსტა გატეხეს და 804 ადამიანის სია აღმოაჩინეს, რომლების პოტენციური აგენტების სიაში უნდა შეიყვანონ, მათგან 139 პირი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოურ აგენტებად უკვე დაასახელა.
პოტენციური უცხოური აგენტების სიაში, ასევე, მოხვდა აფხაზური წარმოშობის რუსი ბიზნესმენი რაულ სმირი და ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.