ნატოს წევრი ქვეყნები გაზრდიან საარტილერიო ჭურვების წარმოებას
ნატოს წევრი ქვეყნები გაზრდიან საარტილერიო ჭურვების წარმოებას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური კავშირის თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ამჟამად უკრაინა ბევრად მეტ ჭურვს გამოიყენებს, ვიდრე დასავლეთის ქვეყნები აწარმოებენ. ამიტომ აუცილებელია წარმოების გაზრდა.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ უკვე მოაწერეს ხელი კონტრაქტებს, რომლებიც ალიანსის წევრებს საშუალებას მისცემს, შეავსონ საკუთარი მარაგები, ასევე განაგრძონ უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინისთვის დასავლური ტანკების გადაცემის საკითხი. ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ორი ქვეყანა, ნიდერლანდი და დანია, რომლებმაც ადრე პირობა დადეს, რომ უკრაინას Leopard 2 ტანკებს გადასცემენ, ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას. მაგრამ ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ როტემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავაც მზად არის, უკრაინაში ტანკების გაგზავნის საკითხში ითანამშრომლოს ტანკების მწარმოებელ ქვეყანასთან, გერმანიასთან. მისი სიტყვებით, ნიდერლანდი, რომელსაც გერმანიისგან იჯარით აქვს აღებული 18 Leopard-ი, მზად არის ისინი გადასცეს კიევს, მაგრამ „გერმანიასთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უკეთესი იქნება ტანკების გაგზავნა სხვა ბატალიონიდან“.
ამ განცხადებაზე ბერლინს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, რომ Leopard 2A6 ტიპის თანამედროვე ტანკები ერთი ბატალიონისთვისაც კი ვერ გროვდება. 14-ს გაგზავნის გერმანია და სამს - პორტუგალია.
პისტორიუსის თქმით, პოლონეთმა შეიძლება უკრაინას გაუგზავნოს 30 ერთეული Leopard 2A4, რაც ერთ ბატალიონამდეა. მაგრამ ყველა ეს ტანკი არ არის მზად, ისინი გასარემონტებელია.
ადრე თავად გერმანიამაც ივალდებულა, რომ უკრაინას გადასცემს 100 ერთეულ უფრო ძველი მოდელის ტანკს, Leopard 1-ს. მაგრამ ისინიც გასარემონტებელი და მოსამზადებელია, მიწოდება შეიძლება მრავალ თვეს გაჭიანურდეს. არც ისაა ცხადი, როდის მიაწვდის აშშ უკრაინას საკუთარი წარმოების Abrams-ების დაპირებულ ბატალიონს.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე თავდაცვის ხარჯების შესაძლო გაზრდაზე. სტოლტენბერგმა წამოაყენა წინადადება, ამჟამინდელი რეკომენდებული მაჩვენებელი - მშპ-ს 2% - მინიმალურ საზღვრად იქნეს მიჩნეული. ამასთან, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, ორ პროცენტზე ნაკლებს ხარჯავს თავდაცვაზე, მაშინ, როცა, მაგალითად, აშშ-ის ხარჯები მშპ-ს 3,5%-ს აღემატება.