ევგენი პრიგოჟინი: ბახმუტი აპრილისთვის დაეცემა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ალყაში მოქცეული ქალაქი ბახმუტი აპრილში დაეცემა.
მისივე თქმით, რუსული ძალების მიერ ქალაქის დაკავება ადგილზე მყოფი უკრაინელი მებრძოლების რაოდენობაზე არის დამოკიდებული.
„აპრილისთვის ბახმუტი დაეცემა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი კაცს გააგზავნის ბრძოლაში უკრაინა და რამდენად კარგად იქნება ეს ხალხი მომარაგებული. ქალაქის აღება გვიანდება, რადგან უამრავი პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად ბახმუტის დასაკავებლად იბრძვიან. მიმდინარე წლის იანვარში გერმანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ ბახმუტთან რუსების წარმატება შეიძლება უკრაინელებისთვის კატასტროფა აღმოჩნდეს, რადგანაც ის რუსეთის ძალებს უკრაინის ტერიტორიის შიგნით წაწევის შესაძლებლობას მისცემს. თეთრ სახლში კი მიაჩნიათ, რომ რუსების მიერ ბახმუტის აღების შემთხვევაშიც კი, ეს ომის სტრატეგიულ მსვლელობაზე გავლენას ვერ მოახდენს.