ბრიუს უილისს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს
ბრიუს უილისს ფრონტტემპორალური დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. სამწუხარო ინფორმაცია ხუთშაბათს მისმა მეუღლემ ემა ჰემინგ უილისმა დაადასტურა.
ჰემინგ უილისმა ინსტაგრამზე მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მსახიობის მდგომარეობა დამძიმდა.
„ჩვენს ოჯახს სურს მადლიერების გამოხატვა იმ სიყვარულის, მხარდაჭერისა და მშვენიერი ისტორიებისთვის, რაც ბრიუსის დიაგნოზის გასაჯაროვების შემდეგ მივიღეთ“, – წერს ემა. ”აქედან გამომდინარე, გვინდა მოგაწოდოთ ყველა სიახლე ყველასათვის საყვარელი ქმრის, მამისა და მეგობრის შესახებ, რადგან ახლა უფრო ღრმად გვაქვს გააზრებული, თუ რას განიცდის ის.”
„მას შემდეგ, რაც 2022 წლის გაზაფხულზე გამოვაცხადეთ ბრიუსის აფაზიის დიაგნოზის შესახებ, მისი მდგომარეობა უფრო კრიტიკული გახდა და ახლა უფრო კონკრეტული დიაგნოზი გვაქვს: ფრონტტემპორალური დემენცია (ცნობილი, როგორც FTD)“, – განაგრძო მან. “სამწუხაროდ, კომუნიკაციასთან დაკავშირებული გამოწვევები მხოლოდ ერთი სიმპტომია იმ დაავადებისა, რომელსაც ბრიუსი აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკივნეულია, საბოლოოდ მკაფიო დიაგნოზის დასმა მაინც შვების მომგვრელია”, დაამატა მან.
წყარო/ფოტო: People