აშშ: უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დაიღუპა ან დაიჭრა „ვაგნერის“ 30 ათასზე მეტი მებრძოლი
![აშშ: უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან დაიღუპა ან დაიჭრა „ვაგნერის“ 30 ათასზე მეტი მებრძოლი](https://gdb.rferl.org/08530000-0a00-0242-629b-08daffaa0a6f_cx0_cy6_cw0_w800_h450.jpg)
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 30 ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა ან დაიჭრა. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მთლიანობაში, თეთრი სახლის შეფასებით, დაიღუპა 9 ათასი დაქირავებული მებრძოლი, მათი ნახევარი - შარშან დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოკიდებული. როგორც კირბი აცხადებს, 2022 წლის დეკემბერში მოკლულ „ვაგნერელთა“ დაახლოებით 90% რუსეთის კოლონიებში შეგროვებული მოხალისეები იყვნენ.
„ისინი თავიანთ ახალწვეულებს, ძირითადად მსჯავრდადებულებს, ისე ეპყრობიან, როგორც საზარბაზნე ხორცს, მათ დაუფიქრებლად აგდებენ ხორცსაკეპში,“ გააცხადა კირბიმ.
მანამდე BBC იტყობინებოდა, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში უკრაინაში დაღუპულ რუს სამხედროთა რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა წინა თვეებთან შედარებით. 2023 წლის 17 თებერვლის მონაცემებით ჟურნალისტებმა შეძლეს 14709 ადამიანის სიკვდილის დადასტურება. დანაკარგის ძირითადი ნაწილი მოდის „ვაგნერის“ დაქირავებულებზე (მათ შორის პატიმრებზე) და მობილიზებულებზე.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც არ შედის რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში. „ვაგნერის“ მებრძოლები მოქმედებენ სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკასა და უკრაინის ომში. დაქირავებულები მრავალრიცხოვანი სამხედრო დანაშაულების ჩადენაში არიან ეჭვმიტანილი.