გარი კასპაროვი: „ყირიმი - პუტინის მითოლოგიის საფუძველი - უნდა დაუბრუნდეს უკრაინას“
მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმართა რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მიხაილ ხოდორკოვსკი, გარი კასპაროვი, ჟანა ნემცოვა და "მემორიალის" წარმომადგენელი ირინა შჩერბაკოვა. დისკუსია დაეთმო კრემლის ოპოზიციის ხედვას რუსეთის მომავლის შესახებ.
გარი კასპაროვის აზრით, რუსულ საზოგადოებაში ნებისმიერი პოზიტიური ცვლილების დაწყების აუცილებელი პირობა ომში უკრაინის გამარჯვებაა. მისი აზრით, რუსმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთი აგებს, ამგვარი გაგების საფუძვლად კი იქცევა ანექსირებული ყირიმის დაბრუნება.
„ყირიმი პუტინის მითოლოგიის საფუძველია“, - განაცხადა კასპაროვმა და მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ყველანაირად დაეხმარონ უკრაინას გამარჯვებაში.
მიხაილ ხოდორკოვსკის თქმით, დასავლეთს არ უნდა ეშინოდეს საომარი მოქმედებების ესკალაციის. პირიქით, ხოდორკოვსკის მიაჩნია, რომ მიუღებელია დეესკალაცია და ზავი კრემლის პირობებით.
"ეს იგივე იქნება, ქურდს რომ ნაძარცვით წასვლის საშუალება მისცემენ", - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
ჟანა ნემცოვამ, 2015 წელს მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთში ბევრმა არ იცის უკრაინის ომის დეტალები და არ აინტერესებს ისინი. მან მნიშვნელოვნად მიიჩნია რუსების განათლება, არა მხოლოდ რაციონალური, არამედ ემოციური არგუმენტების მოშველიებით.
ირინა შჩერბაკოვას თქმით, რუსეთის მოქმედი ხელისუფლების კრახის შემთხვევაში დასავლეთს არ უნდა ეშინოდეს ქაოსის.
„ასეთ შიშებს თავად კრემლი აძლიერებს და ისინი უნდა დაიძლიოს“, - განაცხადა ირინა შჩერბაკოვამ.
მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია 17-19 თებერვალს იმართება. წელს მისი ცენტრალური თემა უკრაინის ომია.კონფერენციაში მონაწილეობს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი. რუსეთის დელეგაცია მიუნხენში არ მიიწვიეს, განსხვავებით ემიგრაციაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან.