Politico: ევროპაში ნატოს მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ აუცილებელია F-16-ების მიწოდება უკრაინისათვის
როგორც გამოცემა Politico წერს, ნატოს ევროპის მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალმა კრისტოფერ კავოლიმ დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე, დაეხმარება თუ არა უკრაინას ცაზე დომინირებასა და შეტევითი ოპერაციების გაძლიერებაში F-16 გამანადგურებლები, უპილოტო თვითმფრინავები და შორი მანძილის რაკეტები.
F-16-ების შესაძლო მიწოდების საკითხს ინტენსიურად განიხილავენ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები, თუმცა ჯერ კვლავ დომინირებს მოსაზრება, რომ ავიაგამანადგურებლების მიწოდების დაწყება ნაადრევია და რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ტანკებზე. მაგრამ გენერალმა კავოლიმ, მიუნხენში 10-ზე მეტი ამერიკელი სენატორისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების დახურულ ბრიფინგზე, დადებითად უპასუხა კითხვას, დაეხმარებოდა თუ არა F-16-ები უკრაინას ომის მოგებაში.
გამოცემის თანახმად, F-16-ების გადაცემის შესაძლებლობის გარდა, ასევე განხილული იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე გადასვლისათვის საჭირო სხვა შეიარაღების გადაცემის საკითხი. Politico-ს ცნობით, კავოლიმ თქვა, რომ ავიაგამანადგურებლების გარდა, საჭიროა უფრო შორი მანძილის რაკეტები რუსეთის პოზიციებზე იერიშის მისატანად, რათა საფრთხე შეექმნას შტაბებსა და მომამარაგების ხაზებს ზურგში.
გამოცემა ამგვარ შეფასებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ცოტა ხნის წინ აშშ-ის ხელისუფლება არ გამორიცხავდა უკრაინისათვის F-16-ების მიწოდებას, ოღონდ მხოლოდ სამომავლოდ. ვაშინგტონი მიიჩნევდა, რომ მოცემულ ეტაპზე უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა უფრო საჭირო იყო.
გენერალი, რომელიც ერთდროულად არის ევროპაში ნატოს ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინა უნდა შეიარაღოს ისე, რომ მისმა არმიამ შეძლოს უფრო ღრმა დარტყმები მიაყენოს რუსეთის პოზიციებს უკრაინის საზღვრებში.
17 თებერვალს ამერიკელმა კონგრესმენთა ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სთხოვა მიაწოდოს უკრაინას F-16 საბრძოლო თვითმფრინავები.